„თავისუფალი საქართველო“: საქართველოს მთავრობა 24 აპრილს ერევანში გამართულ ღონისძიებებს უნდა დაესწროს!
საქართველო, 21 აპრილი,
საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„თავისუფალი საქართველო“ თანადგომას უცხადებს სომეხ ერს 1915 წლის ტრაგიკული მოვლენების 100 წლისთავთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია 24 აპრილი ერევანში განსაკუთრებულად აღინიშნება. სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ სომეხი ერის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქართული სამთავრობო დელეგაცია არ დაესწრება. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მოულოდნელია იმ ფონზე, როდესაც ცნობილია, რომ 24 აპრილს ერევანს ეწვევიან მსოფლიო ლიდერები, მ.შ: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. მივიჩნევთ, რომ ქართულმა სახელმწიფომ თანაბარი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს ყველა მეზობელი ხალხის მიმართ და მოძმე სომეხი ერისთვის ესოდენ ტრაგიკულ დღეს, ქართული სამთავრობო დელეგაცია (თუნდაც სახელმწიფოს მე-2 ან მე-3 პირის დონეზე) აუცილებლად უნდა დაესწროს ერევანში გამართულ ღონისძიებებს.
ამასთან საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ტრადიციული ნეიტრალიტეტი სომხურ-აზერბაიჯანულ და სომხურ-თურქულ დაპირისპირებაში და ამ ეტაპზე არ უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება 1915 წლის მოვლენებს, რაც დღემდე დავის საგანია ამ მოვლენების მხარეთა შორის“.