"ახლები" ლადო ვარძელაშვილის წინააღმდეგ
"ახალი მემარჯვენეების" გორისა და ქარელის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები იოსებ ბორცვაძე და ნათია გოჩაშვილი მოითხოვენ, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტზე ყოფნის პერიოდში ლადო ვარძელაშვილის მიერ სხვადასხვა პრივილეგიებით, მათ შორის, პრემიების სახით მიღებული ფინანსური სარგებლის მიღების ფაქტები და დაისვას მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი.
ამავე დროს, ისინი მოითხოვენ, განხორციელდეს კონტროლი, რათა შეუფერხებლად ხდებოდეს ინფორმაციის მიღება მედიისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გუბერნიის, მუნიციპალიტეტების ამჟამინდელი ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურებისა და მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გაწეულ სხვა ხარჯებთან დაკავშირებით. სოსო ბორცვაძესა და ნათია გოჩაშვილს მიაჩნიათ, რომ შიდა ქართლის რეგიონში ყოფილი გუბერნატორის, ლადო ვარძელაშვილის მაგალითი, შესაძლოა, არაა გამონაკლისი; სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების პირადი სარგებლობისთვის გამოყენების მსგავსი ფაქტები სხვა რეგიონების სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებთან მიმართებაშიც შეიძლება ხდებოდეს.
"ახალი მემარჯვენეების" შიდა ქართლის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, დაუშვებელია, რეგიონის მოსახლეობის, მეწარმეების მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები ხმარდებოდეს ცალკეული პირების კეთილდღეობას. ხელისუფლების მიერ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა რეგიონში მხოლოდ რიგით მოქალაქეებს ეხება, ხოლო მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეები კვლავაც აგრძელებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრებას.