ყატარში დაკავებულები საქართველოში დღეს დაბრუნდებიან
ყატარში დაკავებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს სამშობლოში დღეს ელოდებიან. ისინი გვიან ღამით საგანგებო რეისით ჩამოფრინდებიან.
დაკავებულთა გათავისუფლების გადაწყვეტილება ქართველი კონსულისა და ყატარის მხარის მოლაპარაკების შედეგად მიიღეს.
საქართველოს მოქალაქეებს სამართალდამცველები საერთო წესრიგის დარღვევასა და ქვეყანაში ყოფნის ლეგალური დოკუმენტაციის არქონაში ადანაშაულებდნენ.
პრეტენზიები დაკავებულებსაც აქვთ. ისინი ყატარელ ბიზნესმენს - ალი ჰამადა ალ საიდს მათ არალეგალურად დასაქმებაში სდებენ ბრალს.
წინასწარი ინფორმაციით, ბიზნესმენმა დაკავებულებს შესრულებული სამუშაოსთვის კუთვნილი თანხა არ გადაუხადა და არც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის საბუთი გაუკეთა.
დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის არსებულ დავას საქართველოს საელჩოშიც ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ დავასთან დაკავშირებით, არანაირი საბუთი არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს ამ დრომდე ყატარის სადეპორტაციო განყოფილებაში უწევდათ ყოფნა.