პრემიერი ღარიბაშვილი დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველო, 16 აპრილი,
საქინფორმი. დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა
მარტინ ლიდეგორდმა, მარგოთ ვოლსტრომმა და
გჟეგოჟ სხეტინამ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვან წევრ სახელმწიფოს, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის წარმატებით გადაწყვეტაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია, რადგან ის საერთო ეროვნულ არჩევანს წარმოადგენს. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველო-პოლონეთს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას, რომელიც თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმატს - თბილისის დეკლარაციას აფუძნებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო რეჟიმებთან მოკავშირეობის შესახებ ე.წ შეთანხმებების გაფორმებას და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.