ზუგდიდში პოლიტიკური პარტიები ოფისების გარეშე ფუნქციონირებენ
არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა, ამიტომაც ზუგდიდში პოლიტიკური პარტიები ოფისების გარეშე ფუნქციონირებენ. დაიკეტა ''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' ოფისიც, რომელმაც რამდენიმე დღე იმუშავა. დღეს ზუგდიდში ძალიან ცოტამ თუ იცის, სად მდებარეობს "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისი და ვინ არის ზუგდიდელ "ნაციონალთა" ლიდერი.
დიდი ხნის გაკითხვ-გამოკითხვის შემდეგ დავადგინე, რომ "ნაცმოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს ფოსტისა და კავშირგაბმულობის შენობის პირველ სართულზე. თუმცა ამის დამადასტურებელი აბრა თუ წარწერა არ არსებობს, ამჟამად იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ზუგდიდელ "ნაციონალთა" ლიდერი კი ყოფილა პარლამენტის წევრი ლაშა დამენიაა, რომელიც იშვიათად ჩამოდის ზუგდიდში. ხელმძღვანელის ფუნქციას აღმასრულებელი მდივანი ასრულებს ლევან კონჯარია, რომელიც ამავე დროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეა.