აქტუალური
IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ფარვანის პროვინციაში სამოქმედო რაიონი V-ე ბრიგადის 51-ე ბატალიონისგან ოფიციალურად უკვე გადაიბარა

avgan-aqtual-1საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კოალიციური ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის“ 10 წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით "გენერალი კვინიტაძე" დააჯილდოვა.

ბაგრამის საავიაციო ბაზის, ტაქტიკური დაჯგუფება "სოლიდისა" და „ქართული სამეკავშირეო ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ 51-ე ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური წარმატებულად შეაფასა. 43-ე ბატალიონი მისიაში პირველად იმყოფება. ტაქტიკური დაჯგუფება "სოლიდის" დაქვემდებარებაში ქართველი ჯარისკაცები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.