პოლიტიკა
დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ერთობლივი ვიზიტით ეწვივნენ

ministrebi-polit-3საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. 2015 წლის 14 აპრილს, საქართველოს ერთობლივი ვიზიტით ეწვივნენ პოლონეთის რესპუბლიკის, დანიისა და შვედეთის სამეფოების საგარეო საქმეთა მინისტრები: გჟეგოჟ სხეტინა, მარტინ ლიდეგორდი და მარგოტ ვალსტრომი, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა უმასპინძლა.

ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგა მინისტრებს, მათი მთავრობების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მიღწევებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში და მადლიერება გამოხატეს ნატო-ს და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2015 წლის მაისში რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მნიშვნელობას, მოლოდინებს და გეგმებს ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისა  და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე. წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერას. თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრებს მათი მთავრობების მიერ ე. წ. „ხელშეკრულებების“ დაგმობისთვის.