თეა წულუკიანი: „საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს"
საქართველო, 8 აპრილი,
საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე
ლევან იზორიას განცხადებას, რომლის თანახმადაც პოლიციელთა უფლებამოსილებების გაზრდის მიზნით კანონპროექტი უნდა მომზადდეს.
„პირველ რიგში, მინდა იმ ტრაგედიას გამოვეხმაურო, რომელიც ჩვენი თვალსაჩინო ახალგაზრდის, პოლიციელის სიკვდილით დასრულდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს... ჩვენ კანონების გამკაცრებით, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვებრძოლოთ დანაშაულს, მაგრამ ეს დანაშაულთან ბრძოლისთვის არ კმარა. გუშინ, როცა ეს ტრაგედია მოხდა, გამიკვირდა, რომ დღემდე პარლამენტში ჰაერშია გამოკიდებული "იარაღის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პრემიერის დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტში წარვადგინეთ. ალბათ დროა, იარაღთან დაკავშირებით წესები გამკაცრდეს და, რა თქმა უნდა, დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიას გადავხედოთ, ოღონდ ისე, რომ არ დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებები, რათა საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.