სამართალი
პროკურატურა: „გიორგი უგულავას ადვოკატების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმირება, თითქოსდა უგულავას მიმართ გავიდა საპატიმრო ვადა და იმყოფება უკანონო პატიმრობაში“

ugula-samart-3საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. „თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ბრალდებულების - გიორგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, სადაც გ.უგულავას ბრალი ედება სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზაციაში, არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ტელე და რადიო კომპანია “იმედის”, მთაწმინდის პარკის უკანონო დაუფლებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე მიმდინარეობს გიორგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, სადაც გიორგი უგულავას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ე.წ. სიტი პარკის ეპიზოდი), ყალბი დოკუმენტის დამზადების ორგანიზებაში, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, ასევე იძულებასა და ისეთი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან (ე.წ. მარნეულის ეპიზოდი). აღნიშნულ საქმეზე გიორგი უგულავას 2014 წლის 04 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა, რომელიც გაუქმდა 2015 წლის 27 მარტს, ვინაიდან ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა ერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ მიუხედავად ამ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა, გიორგი უგულავა რჩება პატიმრობაში, ვინაიდან ე.წ. „ტელეიმედის” საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 მარტის განჩინებით მას აღკვეთის ღონიძიების სახით შეეფარდა პატიმრობა“... (დაწვრილებით იხ. ბმულზე).

„ინფორმაცია თითქოსდა ბრალდებულის მიმართ გავიდა საპატიმრო ვადა და გიორგი უგულავა რჩება უკანონო პატიმრობაში, არ შეესაბამება რეალობას“, - დასძენს პროკურატურა.