სამართალი
პროკურატურა პოლიციელის მკვლელობის ჩამდენი პირის ფოტოს აქვეყნებს

opasen-samart-2საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. 2015 წლის  4 აპრილს, ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა – ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა, შემოწმების მიზნით გაჩერებისაკენ მოუწოდეს მოქალაქეს, რომელმაც მათ  ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით მოთავსებული იქნა N1 კლინიკურ საავადმყოფოში.

პოლიციელებზე თავდამსხმელი პირი შალვა აბულაძეა, რომელიც  2015 წლის 23 იანვარს, ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლების – გიორგი ბერუაშვილის და გიორგი მახარაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.

5 აპრილს, გამთენიისას, აბულაძე შემჩნეულ იქნა თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი და შეძლო მიმალვა. პროკურატურა აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს  საზოგადოებას, გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე საზოგადოებას ვთხოვთ, თუ გააჩნიათ ინფორმაცია შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის მეშვეობით (2 40 52 22), კონფიდენციალურობა დაცული იქნება, - ნათქვამია, კერძოდ, პროკურატურის განცხადებაში.