დღეს ადამიანის უფლებათა კვირეული გაიხსნება
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები, კერძოდ, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი'', "ადამიანის უფლებათა ცენტრი" (HRIDC), "წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი" (GCRT), კავშირი "საფარი" და "ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის კავკასიური ცენტრი" დღეს ადამიანის უფლებათა კვირეულს გახსნიან.
3-10 დეკემბერს კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
3 დეკემბერს, 13:00 სთ-ზე, ღონისძიებას ადვოკატ ქალთა რეგიონული შეხვედრით "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" გახსნის. კვირეულს დოკუმენტური ფილმის ჩვენებითა და დისკუსიით თემაზე "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო" "ადამიანის უფლებათა ცენტრი" გააგრძელებს. "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი'' სტუდენტი ახალგაზრდებისთვის ღაზას სექტორში ფოტორეპორტიორების მუშაობის შესახებ დოკუმენტურ ფილმს წარმოადგენს. კვირეული აშშ-ში არასრულწლოვანი დამნაშავეების მდგომარეობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დასრულდება, რის შემდეგაც GCRT-ის ფსიქოლოგები საქართველოში ამ სფეროში არსებულ მდგომარეობაზე დისკუსიას გამართავენ. 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრი ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით რებეკა რიჩმან კოჰენის დოკუმენტური ფილმის "ომი დასრულდა" პრეზენტაციას გამართავს. სურათი იმ დილემის შესახებ მოგვითხრობს, რომლის წინაშეც საერთაშორისო სამართალი სიერა ლეონეს შემთხვევაში დადგა.