საზოგადოება
„ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნის] განხილვის შედეგად უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაასკვნა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა საქართველოს კომპეტენტურმა ორგანომ მისი პოლიტიკური მოტივით დევნის მიზნით გააკეთა“, – ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილის ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა იქნება.
ამავე განცხადების თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურატურას ეცნობა უკრაინის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების თაობაზე.
სააკაშვილის ახლო მოკავშირე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი დავით საყვარელიძე 16 თებერვალს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა, რითიც კიდევ უფრო გაფართოვდა საქართველოს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების წრე, რომელთაც უკრაინაში მაღალი თანამდებობები დაიკავეს, მათ შორის არიან ეკა ზღულაძე, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა; გია გეწაძე, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ალექსანდრე კვიტაშვილი, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი. თავად მიხეილ სააკაშვილი 13 თებერვალს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის მრჩევლად და რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.