ალასანია: „ცუდად მიცნობენ“ - სკანდალური ფილმი და ზარი თბილისიდან პრემიერის სახელით
საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ. კაბელების საქმეზე და საფრანგეთში საქართველოსა და საფრანგეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე მომზადებულ ფილმს ავრცელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი რადიო“ ავრცელებს. ფილმში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი დეტალურად იხსენებს საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვაზე დოკუმენტის ხელმოწერის წინ მინდია ჯანელიძის მიერ მასთან განხორციელებულ ზარს. ალასანია ჰყვება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს მდივანმა მას პრემიერ-მინისტრის სახელით დაურეკა და სთხოვა, თავი შეეკავებინა დოკუმენტზე ხელმოწერისგან და შექმნილი სიტუაციიდან გონივრული გამოსავალი მოეძებნა.
ალასანია შეეცადა პრემიერთან დაკავშირებას, თუმცა ეს კავშირი ვერ შედგა, რადგან პრემერი დაკავებული იყო. ალასანიას თქმით, ხელმოსაწერი დოკუმენტის - განზრახულობათა ოქმის ტექსტი, პრემიერ-მინისტრის გარდა, შეთანხმებული იყო პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. ფილმში პირველად ქვეყნდება დოკუმენტის ხელმოწერის ფოტოებიც. ფილმში ასევე საუბრობენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ადვოკატები „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით. საუბარია, რომ დელტაკომის შვილობილი კომპანიის დირექტორი ზურა კოტარიაა, რომელიც ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს, ე.წ. მოსმენების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ფილმი ალასანიას განცხადებით სრულდება, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს: „ცუდად მიცნობენ“.