სამართალი
პროკურატურამ ინაშვილი, გიგანი და კორძაია დაკითხა

samart-2საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ინაშვილი პროკურატურაში იმ განცხადების გამო მივიდა, სადაც მან ოთხი ადამიანის დაგეგმილ მკვლელობაზე ისაუბრა. "მაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიგნიდან გეგმავენ 4 ადამიანის მკვლელობას. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იბრძვიან სამართლიანობის აღდგენისთვის, თუმცა კონკრეტულად ვიზეა საუბარი ჩემთვის უცნობია", - განაცხადა ინაშვილმა. ინაშვილი გახმაურებულ და დაგეგმილ მკვლელობებში ბრალს მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს და ქვეყნიდან წასულ სხვა მაღალჩინოსნებს სდებს.

რაც შეეხება გიგანს, მასთან საგამოძიებო უწყებას შეკითხვები გია უდესიანთან დაკავშირებით აქვს. ჯონი გიგანი აცხადებდა, რომ უდესიანმა წლების წინ მას ესროლა, მაგრამ კბილაშვილის პროკურატურამ საქმეს მსვლელობა არ მისცა.

ჯონი გიგანი გარდაცვლილ ბესო ხარძიანის მეგობარია. ხარძიანი საკუთარ სახლთან 28 მარტს მოკლეს. ოჯახის წევრები მომხდარში გია უდესიანს ადანაშაულებენ. ბესო ხარძიანის საქმეზე ჟურნალისტი ირაკლი კორძაიაც დაიკითხა. კორძაია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ამბობს, თუ რა ინფორმაცია მიწოდა გამოძიებას. კორძაია ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების ხელოვნურად შეყოვნების პროცესს ლაშა ნაცვლიშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირებს.