საქართველო ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი გახდა
საქართველო, 27 მარტი,
საქინფორმი. სასამართლოში გაწევრება საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო სამართლის თანამეგობრობის აქტიური წევრისთვის, წინ გადადგმული ნაბიჯია.
„ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო საქართველოს დახმარებას გაუწევს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, კანონმდებლობის დახვეწა... ამასთან, სასამართლოს აქვს ფინანსური დახმარების ფონდი, რომელიც სახელმწიფოებისთვის საარბიტრაჟო დავების ხარჯების დაფინანსების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. საქართველოს, როგორც წევრ სახელმწიფოს, საჭიროების შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა, მიმართოს აღნიშნულ ფონდს ფინანსური დახმარების თხოვნით “, - ნათქვამია, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო დაარსდა 1899 წელს და ადმინისტრირებას უწევს ტერიტორიულ, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ დავებს.