საზოგადოება
ხელისუფლების მიერ დაპირებული სამუშაო ადგილები ჯერჯერობით პიარაქციად რჩება

qutaisis-tavisuf-zonaქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რომელიც ქუთაისის ყოფილი საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე შარშან ზაფხულში შეიქმნა,  2012 წლამდე 12 საწარმო  უნდა ამოქმედდეს და 10 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდეს. ერთი წლის წინ, ინდუსტრიულ ზონაში ქართულ-ეგვიპტური საწარმო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და რამდენიმე ათას  ქუთაისელს სამუშაო ადგილებს დაჰპირდა. ექსპერტი კახაბერ გვანცელაძე ინდუსტრიული ზონის მნიშვნელობაზე საუბრობს და დასძენს, რომ  ხელისუფლების მიერ დაპირებული სამუშაო ადგილები ჯერჯერობით პიარ აქციად რჩება.
კახაბერ გვანცელაძის შეფასებით, ეგვიპტური ფირმა „ფრეშის“ მიერ განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა არარეალურია.
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირებას დადებითად აფასებს ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე, მისი თქმით ქალაქში ინდუსტრიული ზონის გაძლიერება ხელს შეუწყობს ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევას. 
ხელისუფლებისგან განსხვავებით, კრიტიკულია ადგილობრივი ოპოზიცია. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ვირტუალობად მიიჩნევს  მოძრაობის  „სამართლიანი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი შოთა ბურჯანაძე.
მსგავს შეფასებებს არ ეთანხმება ეგვიპტური ფირმა „ფრეშის“ კომპანიონი „ჯორჯიან ინტერნეიშენლ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი მიხეილ თიგიშვილი. მისი განცხადებით,  ქუთაისში ორი ახალი საწარმო უახლოეს მომავალში ამუშავდება.
მიხეილ თიგიშვილის ინფორმაციით, ფირმა დაგეგმილ ეტაპებს წარმატებით გადის და 2012 წლის ბოლომდე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების  ივესტიცია  აუცილებლად განხორციელდება.
ეგვიპტურის გარდა, შარშან, სექტემბერში, მემორანდუმი გაფორმდა ჩინურ კომპანიებთანაც, რომლებმაც ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხისა და ქვის გადამამუშავებელი ქარხნები უნდა ააშენონ.