იმერეთის 76 სკოლაში სამოქალაქო განათლებას უკეთ შეისწავლიან
ამერიკულმა ორგანიზაციამ „ ფიეიჩ ინტერნეიშენალმა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ იმერეთის 76 სკოლასთან თანამშრომლობით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სამწლიანი პროგრამის განხორციელება დაიწყო.
„ფიეიჩ ინტერნეიშენალის“ დირექტორის - ბერდია ნატროშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში მასწავლებლების გადამზადება და ახალი სახელძღვანელოების შექმნა იგეგმება. 2 მილიონ 600 ათასი დოლარის ღირებულების პროექტში 300 მცირე გრანტს მოსწავლეები მიიღებენ.
ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი „ფიეიჩ ინტერნეიშენალის“ პარტნიორია იმერეთში, ცენტრის დირექტორის - ლია კილაძის განმარტებით, პროექტის სიახლეა სამოქალაქო კლუბების სკოლებში შექმნა და სხვადასხვა სექტორის პროგრამებში აქტიურად ჩართვა.
სამოქალაქო განათლების საგანი IX-XII კლასელებისთვის სასწავლო ბადეში რამდენიმე წელია მოექცა, მესამე საფეხურის მოსწავლეებს საგნისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ: ნაწილი მას მეორეხარისხოვან საგნად მიიჩნევს და აღიარებს, რომ საჭირო ყურადღება არ ექცევა. მოსწავლეების ის ნაწილი, რომელიც აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტებში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავენ, რომ სამოქალაქო განათლების საგანი მათ გარკვეულ გამოცდილებას ძენს.
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის დირექტორის ნათია ნამიჭეიშვილის თქმით, მოსწავლეები სამოქალაქო განათლების საგანს ინტერესით ეკიდებიან და აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში. ნათია ნამიჭეიშვილის განმარტებით, პროგრამის გრძელვადიანობა იმედს აძლევს, რომ ის მოსწავლეებს არა მარტო უნარჩვევების განვითარებაში დაეხმარება, არამედ მათ ქცევას შეცვლის.
პროექტის პრეზენტაციაზე მიწვეული მოსწავლეებისთვის საინტერესო და მომხიბვლელი სწორედ ის საგრანტო და საგანმანათლებლო პროექტები გახდა, რომლებიც მათი თქმით, თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში დაეხმარებათ.