უცხოეთი
რუსი და ქართველი დიპლომატები პრეზიდენტების - პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრას არ გამორიცხავენ

1-vstreCa-zar-2საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. რია-ნოვოსტი ავრცელებს ინფორმაციას ვლადიმერ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შესაძლო შეხვედრის შესახებ. პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ქართველი და რუსი დიპლომატები არ გამორიცხავენ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "რუსი და ქართველი დიპლომატები ვლადიმირ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას არ გამორიცხავენ, თუ გრაფიკი ამის საშუალებას მოგვცემს".

პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, თუკი რუსეთის მხრიდან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე შემოთავაზება იქნება, ადმინისტრაცია ამას სერიოზულად განიხილავს. ფხალაძემ კომენტარი დიმიტრი პესკოვის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

"საქართველოს სახელმწიფოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ნებისმიერი მწვავე პრობლემა უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი და მოლაპარაკების გზით. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს ასევე არაერთხელ დაუფიქსირებია მზადყოფნა ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის, თუკი ეს მოლაპარაკება რეალურად ისახავს მიზნად იმ უმწვავესი პრობლემების გადაჭრას, რომლებიც არსებობს რუსეთის ფედერაციასთან და რომლებიც რეალურად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. დღეისთვის მსგავსი შეხვედრის არანაირი მზადება არ მიმდინარეობს და თუმცა, საქართველო ისევ და ისევ მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ ნებისმიერი მწვავე პრობლემა უნდა გადაიჭრას მშვიდობიანი და მოლაპარაკების გზით. საქართველო მზად არის ნებისმიერ მწვავე პრობლემაზე სასაუბროდ. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რას ეყრდნობა რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური, მაგრამ ვიცი, რომ მსგავსი შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს, თუკი იქნება შემოთავაზება, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს შემოთავაზება სერიოზულად განვიხილოთ", - თქვა ფხალაძემ.