საზოგადოება
მანდატურთა სისტემის ამოქმედებით ქუთაისის სკოლებშიც უკმაყოფილო არიან

mandaturebi-qutaisshiსასკოლო რეფორმა, რომელიც საქართველოში მანდატურთა სისტემის ამოქმედებით განხორციელდა, სკოლებში უკმაყოფილების მიზეზი უკვე გახდა. არსებული ინფორმაციით,  ბოლო პერიოდში, ქუთაისის საჯარო სკოლებში რამდენიმე პედაგოგი მანდატურთა შენიშვნების საფუძველზე გაათავისუფლეს. საუბარია იმაზე, რომ სკოლებში მანდატურთა დანიშვნის შემდეგ განსაკუთრებულ რეპრესიას სწორედ პედაგოგები განიცდიან. რას ფიქრობს საზოგადოება მანდატურთა სისტემაზე და რამდენად მისაღებია მათთვის განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში სასწავლო დისციპლინის გაკონტროლების დაწესებული ფორმა, ქუთაისის საზოგადოების მწვავე დისკუსიის თემაა. 
ნაწილი მიიჩნევს, რომ მანდატურთა სისტემის შემოღება დიდი შეცდომაა მომავალი თაობის აღზრდაში, რადგან ამით ბავშვებს  უფრო მეტი პროტესტი, აგრესია და ბოღმა უგროვდებათ;
ზოგიერთის აზრით, ეს "გენიალური მიგნება", პირველ რიგში, შაშკინის ქვეცნობიერში ღრმად დაბუდებული ჩეკისტური არსის მანიფესტაციაა;
საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ სკოლას აქვს იმის რესურსი, საკუთარი ძალებით რომ უზრუნველყოს წესრიგი (მათ შორის, პედაგოგთა საქმიანობაში) და უსაფრთხოება. ამისათვის სკოლის ადმინისტრაციის უფლებების გაზრდაა საჭირო და არა ამ "საბავშვო უფლებების" ფეტიში, როცა ბავშვს შენიშვნას ვერ აძლევენ და ჩანთასაც ვერ შეუმოწმებენ;
ასევე, - სკოლაში უნდა იყოს მასწავლებელი და პოლიცია კი - განყოფილებაში; 
ბევრი ფიქრობს, რომ შსს სკოლების მართვას ცდილობს და რომ ზედმეტია ის, რასაც ძალოვანი უწყება აკეთებს, რადგან შსს მანდატურების საშუალებით აქტიურ პროპაგანდას უწევს ჩაშვების ინსტიტუტს;
''შეუშვეს სკოლაში პოლიცია და ბავშვობიდან დაბეზღება და ჩაშვება უნდა ასწავლონ... ისეთ თაობას გაზრდიან, ბოღმა ექნება ყველას ერთმანეთის და ეგაა. საჯარო სკოლებში მანდატურთა ინსტიტუტის შემოღების შემდეგ ქუთაისში უკვე ხუმრობენ კიდეც: - დიდი რომ გაიზრდები, ალბათ, მანდატური უნდა გამოხვიდე, ხო? არსებობს მოსაზრება, რომ მანდატურობა "ნასეტკობაა" და ამიტომ, მიუღებელია,'' - განუცხადა საქინფორმის კორესპონდენტს ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა.
''აბა, რა არის მოსაწონი?! კაცი რომ კარებზე ყურის მიდებას დაიწყებს? პატარა ბავშვს მისი შიშით შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმა მიადგეს. პედაგოგების იმის გულისთვის დასჯა, რომ მის გაკვეთილზე გაზულუქებული მშობლების უზრდელურად გაზრდილს შვილს შენიშვნას მისცემს, უსამართლობაა. და კიდევ: თუ გინდა ბევრ მიზეზს გეტყვი იმისათვის, თუ კაცმა რაღაცები რატომ არ უნდა იკადრო... მაგრამ საუბედუროდ, დღეს მასეთი კატეგორიის "კაცები" უფრო ფასობენ, ვინემ ისინი, ვინც კარგად ერკვევიან ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და ფასეულობებში,'' - აღნიშნა ერთმა რესპონდენტმა.