პოლიტიკა
„ნატო – საფრთხე საქართველოსთვის“ - საზოგადოებაში გრძელება დისკუსია ნატოს სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით

1nato-polit-1-analit-1საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. ნაწყვეტი "საერთო გაზეთიდან": თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  საერთაშორისო  ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი:
„ერთადერთი, რაც ჩვენ  ახლა გვაკავშირებს რუსეთთან დიპლომატიური ასპექტით, არის აბაშიძე - კარასინის დიალოგის ფორმატი, რომლის გაუქმებაზეც დღეისათვის  საუბრობენ.  ჩემი შეხედულებით, ეს ძალზე უპასუხისმგებლო განცხადებებია.  ვინც დღეს ამბობს, რომ  რუსეთთან დიალოგი ჩვენ არ გვჭირდება, ის, ჩემი ღრმა რწმენით,  არაა დაინტერესებული საქართველოს კეთილდღეობით.  ჩვენთვის ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ დიდი ქვეყნების შეჯახებას ეწირება პატარა საქართველო.  ამერიკისა და რუსეთის ბრძოლა ჩვენი მუდმივი თავსატეხია. რაც შეეხება ევროპას, ის თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და არის აშშ-ს სატელიტი მის პოლიტიკაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ქვეყნები გახდნენ სოციალური სახელმწიფოები და მათ უარი თქვეს აქტიურ სამხედრო პოლიტიკაზე. ისინი გაერთიანდნენ  ნატო-ს ქოლგის ქვეშ.  ევროპა იძულებულია იაროს აშშ-თან ერთად და იმოქმედოს თავისი თავის საწინააღმდეგოდ.

თუ თქვენ ყურადღებას მიაქცევთ, დაინახავთ, რომ ევროპელი მეწარმეები, ფერმერები გამოხატავენ აქტიურ პროტესტს, იმიტომ, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან რუსეთის ბაზრით და მათ ხელს უშლის ის პოლიტიკა, რომელიც წარიმართება ევროპული ქვეყნების მიერ აშშ-თან ერთად.

საქართველოს ხელისუფლება მოიაზრება,  როგორც აშშ-ის სატელიტი და თავის გადაწყვეტილებებში საქართველო არაა თავისუფალი. საქართველო ისევ რჩება ნატო-ს პრიორიტეტების გავლენის ქვეშ.  თუმცა ოლანდმა და ობამამ თავის გამოსვლებში  აღნიშნეს, რომ  დღის წესრიგში არ დგას საქართველოს ნატო-ში ინტეგრირების საკითხი.

2008 წლის ომი იყო საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის შედეგი.  ეს იყო არა ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობდნენ, არამედ იყო დასავლეთის ომი რუსეთის წინააღმდეგ და ძალთა მოსინჯვა. საქართველო  შეეწირა ამ ომს. შემდგომ ჩვენ ვნახეთ ის აბსურდი, რაზეც ძნელია საუბარი. სააკაშვილის ხელისუფლებამ წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადა!  ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები დე -იურე.

-გვაქვს შანსი, რომ ჩვენ ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ? ანუ რუსეთ-საქართველოს დიალოგს ამ კუთხით შეუძლია სარგებლის მოტანა?

-გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ რუსეთი ჩვენ რაღაცას დაგვიბრუნებს.  ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ფორმატი შეგვიძლია შევთავაზოთ რუსეთს, რათა ის დაინტერესდეს ჩვენთან თანამშრომლობით.  ნატო-ს საწვრთნელი ბაზის განთავსება საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენს მდგომარეობას.

შოთა ვადაჭკორია - ისტორიულ  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

ბატონო შოთა, როგორც ისტორიკოსს, მინდა გკითხოთ, რა არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საფუძველი და რაზე უნდა დამყარდეს შემდეგში თანამეგობრობის პერსპექტივა?

-ჩვენი მთავრობა მოვალეა იპოვოს საერთო ენა რუსეთთან.  არავინ უნდა მოიტყუოს თავი ილუზიით, რომ  ევროპა „მოვა“ და გვიშველის.  ნატო-სკენ სწრაფვა  არაა ჩვენი სახელმწიფო იდეოლოგია. ნატო-ში ინტეგრირება არ შეიძლება იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. მთავარ მიზნად უნდა იქცეს ეროვნული,  ძლიერი, ერთიანი საქართველოს შექმნა. ჩვენ უნდა ვუწყოდეთ, რომ არც ევროპა და არც ამერიკა არ დაუპირისპირდება ამერიკას  საქართველოს გულისათვის.

-ნატო- სასწავლო ცენტრი იხსნებაო და მეტად დაცული არ ვიქნებით? ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. არ მეთანხმებით?

-თუ ასეთი ცენტრი გაიხსნება, ეს ნიშნავს, რომ გადაიჭრება ის არტერია, რაც გვაძლევდა აფხაზეთისა და შიდა ქართლის დაბრუნების პერსპექტივას.  ყოველგვარი სასწავლო ცენტრების გახსნა არის ჩვენი დიდი სიბრიყვის მაჩვენებელი.

ბაია ამაშუკელი - ხელოვნებათმცოდნე, საზოგადოებრივი მოძრაობის „ლაზარეს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი:

„იმ ვითარებაში, როდესაც წარმოიშვა ე. წ. „ხალიფატის“  შექმნის საშიშროება, ჩვენ კვლავ, როგორც ეს იყო მე-19 საუკუნეში, აღმოვჩნდებით მუსულმანური ქვეყნების გარემოცვაში.  შესაძლოა საქართველო საერთოდ გაქრეს ისტორიული რუკიდან. ჩვენ უნდა ჩავატაროთ პლებისციტი ან რეფერენდუმი და ვიმოქმედოთ იქ გამოვლენილი  ხალხის ნების  მიხედვით“

ირაკლი უბილავა - პოლიტოლოგი, მაგისტრი:

„მე 10 წელია ვსწავლობ გეოპოლიტიკის საკითხებს და ვიტყვი, რომ ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახსნის განზრახვა ნიშნავს ამერიკის მიერ სტრატეგიული პლაცდარმის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ და არაა აუცილებელი, რომ სარაკეტო დარტყმა რუსეთზე განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიიდან.

პუტინის გამოსვლა მიუნხენში  პირდაპირ მიანიშნებს, რომ რუსეთი არ დაუშვებს ერთპოლუსიანი  მსოფლიოს არსებობას.  დასავლეთის მიზანი ერთია - რუსეთის დესუვერენიზაცია და მასზე ტოტალური კონტროლის დამყარება.

საქართველო არის რუსეთის მტერი იმის შემდეგ, რაც ის გახდა რუსეთის  მტრის მეგობარი.  ჩემი აზრით, დასავლეთი შეეცდება სიტუაციის დესტაბილიზებას ქვეყნის შიგნით და ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ პირით მოახდინა 21 მარტის აქციის ანონსირება.

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატმა მეტად ან ნაკლებად დააფრთხო აშშ. ამერიკელებისათვის არასასიამოვნო ფაქტია საუბარი რკინიგზის გახსნის შესახებ აფხაზეთის ტერიტორიაზე.  ამის შემდეგ ამერიკელებმა დაიწყეს ფიქრი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე.

რუსეთი, თუ საკითხს ეკონომიკური კუთხით განვიხილავთ,  დიდ მოგებას არ ნახულობს კავკასიაში.  კავკასიაში კონტროლის დამყარება  რუსეთისათვის მნიშვნელოვანია სამხედრო თვალსაზრისით.  რუსეთი არის კონტინეტური ტიპის იმპერია და ის ზრუნავს, რომ შექმნას უსაფრთხოების ზონები ცენტრის გარშემო.

-თქვენ საუბრობდით ხელისუფლების მოსალოდნელ ცვლილებაზე. თუკი ასეთი რამ მოხდა, როგორი იქნება რუსულ-ქართული ურთიერთობების მომავალი და პერსპექტივა?

-თუ შეიცვლება ხელისუფლება, მე არ ვფიქრობ, რომ დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“. ქართველი „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ არიან არა ნაკლებ მედასავლეთენი, ვიდრე თავად „ნაციონალური მოძრაობა“.  „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ  დემოკრატებზე“ სავარაუდოდ ფსონს დადებენ აშშ-ს შესაბამისი წრეები. შეხედეთ, რა აგრესიულია ირაკლი ალასანიას განცხადებები. „ჩვენი პოლიტიკა  უნდა იყოს აგრესიული რუსეთის მიმართ“. მან ერთხელ ასე თქვა.  თუ  „თავისუფალი  დემოკრატები“ მოვლენ ხელისუფლებაში,  დამერწმუნეთ, უფრო უარესი სიტუაცია დადგება, ვიდრე ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“  დროს.  21 მარტს მოსალოდნელია დესტაბილიზაცია.  ვინაა დარწმუნებული იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაიქირავებენ სნაიპერებს და არ მოკლავენ რამდენიმე კაცს?!  არსებობს დიდი საშიშროება და საჭიროა მეტი ყურადღება და სიფრთხილე“.