პუბლიკაციები
“ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა” მხარს უჭერს ცეკავშირის მეპაიეთა საპროტესტო აქციას და იმედის თვალით შესცქერის სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას!

liga-analit-GEO

ამერიკის შეერთებული შტატები, 13 მარტი, საქინფორმი.
“ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის” საგანგებო განცხადება

„20 წელზე მეტია,რაც უკანონობის დაკანონების პროცესი გრძელდება ჩვენს სამშობლოში. არავისა აქვს უფლება, მუდმივ სიცრუესა და უსამართლობაში ამყოფოს ერი!

დაიბადო ქართველად - დიდი პატივია და ამავე დროს - დიდი პასუხისმგებლობა! განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი მათ ეკისრებათ, ვისაც ქვეყნის მართვას ანდობს ხალხი. ორი ათეული წლის მანძილზე დაგროვილ უსამართლობასა და უკანონობასთან შეჭიდება დღევანდელ ხელისუფლებას უხდება და ვიცით, რომ ეს ადვილი არ არის. თუმცა უკვე დროა, გამოჩნდეს ნება ჩადენილი უკანონობების აღმოფხვრისა. როგორც ჩანს, რუსთველური შეგონება - "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა", აღარ ახსოვთ ან არც არასოდეს იცოდნენ ადამიანებმა, რომელთაც ერისა და ქვეყნის ბედი აბარიათ.

გასაგებია, რომ 2012 წლამდე ცეკავშირის მეპიეთა საქმეს არავინ გამოიკვლევდა, მაგრამ დღეს, 2015 წელს, შიმშილობის აქცია აღარ უნდა გამხდარიყო საჭირო სამართლიანობის აღდგენისათვის! თუ გვინდა, ვიმეორებთ, თუ გვინდა, გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და ქართველი ერი, დავიწყოთ სიმართლისა და სამართლიანობის გზით სვლა, რადგან ერთადერთი წამალი და იარაღი ქვეყნის გადარჩენისა არის !

უპირველეს ყოვლისა, ვთხოვთ და მოვუწოდებთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს - მოიკვეთეთ თქვენგან ყოველი ადამიანი, ვინც გაბედავს და ცრუ ინფორმაციას მოგაწვდით, ვინც გაბედავს და დაგიპირისპირებთ ქართველ ხალხს. მოგიწოდებთ, პირადად დაინტერესდეთ ცეკავშირის მეპაიეთა საქმით და იმით, თუ რა იყო მიზეზი და მიზანი თანაინვესტორთა მიერ სადაო ტერიტორიის შეძენისა?

ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა” მხარს უჭერს ცეკავშირის მეპაიეთა საპროტესტო აქციას და იმედის თვალით შესცქერის სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას!“.

2015 წლის 13 მარტი
ნიუ-იორკი, აშშ