საზოგადოება
ეთნოგრაფიულ მუზეუმში გიორგი ჩიტაიას მემორიალური კაბინეტი გაიხსნება

etnografiuliგიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 120 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია "მუზეუმის ისტორია" . გაიხსნება ასევე ჩიტაიას მემორიალური კაბინეტი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მუზეუმის ისტორიის ამსახველი ფოტო, ვიდეო და საილუსტრაციო მასალები, ასევე, გიორგი ჩიტაიას პირადი არქივი და მის მიერ გასული საუკუნის 40-იან წლებში შეკრებილი სპილენძის, თიხისა და ხის ექსპონატები. ცნობილმა ქართველმა ეთნოგრაფმა გიორგი ჩიტაიამ 1940 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრა დააარსა და შექმნა პირველი სალექციო კურსი ზოგად ეთნოგრაფიაში. შეგახსენებთ, რომ 1987 წლიდან ეთნოგრაფიული მუზეუმი მის სახელს ატარებს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ახალი წიგნი სათაურით "საქართველო - ტრადიცია, რწმენა, ხელოვნება" (ავტორები: ზურაბ წერეთელი, თამილა ცაგარეიშვილი, ინგლისურ ენაზე); გიორგი ჩიტაიას ბიბლიოგრაფია, ასევე შვიდი წიგნი სერიიდან ''ქართველი ხალხის ტრადიციული კულტურა'' (ავტორები: თინა ოჩიაური, მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, დავით მუსხელიშვილი, ირაკლი სურგულაძე, ლია მელიქიშვილი, ნანა ხაზარაძე).