რელიგია
ილია მეორე: „სხვასთან ბრძოლა ადვილია, საკუთარ თავთან კი ძნელი. ადამიანი ხშირად ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, და თუ ხედავს, ამართლებს მათ“

kadageba-saz-1-rel-1საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს, რომელსაც იგი აღიარებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორის თქმით, ადამიანებში აღსარების მოთხოვნილება უძველესი დროიდან არსებობს, ჯერ კიდევ წარმართულ დროში ადამიანი თავის ცოდვებს ზღვის ტალღებს უყვებოდა, ხოლო ებრაელები ვაცს უამბობდენენ, რომელსაც შემდეგ უდაბნოში უშვებდნენ.

,,არ არის საჭირო, დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, ვისთან ჩაიდინა ცოდვა და გამოდის, რომ ის თავის კი არა, სხვის აღსარებას ამბობს. აღსარება უნდა იყოს პირადი. ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა საქართველოში მყოფი ასურელები და მათი მოძღვარი, მამა სერაფიმე დალოცა. ასურელი მამების ღვაწლზე საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სწორედ ასურელმა მამებმა საკუთარი ღვაწლით გადაარჩინეს საქართველო მონოფიზიტობას.