უცხოეთი
ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე ბრიუსელში საქართველოს საელჩომ შეხვედრას უმასპინძლა

ucxoet-1საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. 2015 წლის 4 მარტს საქართველოს საელჩომ უმასპინძლა შეხვედრა-დისკუსიას, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და გატარებული რეფორმების შესახებ.

შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ:  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხაძე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდივანი  გიორგი ჯაში, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინგა კიკვაძე და ამავე დეპარტამენტის მესამე მდივანი მანანა მელქაძე.

ევროპულ მხარეს წარმოადგენდნენ: ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობებიდან მრჩევლები  მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხებში, ევროპული საბჭოს სავიზო ჯგუფის წარმომადგენლები წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან და წევრი ქვეყნების წარმომადგენლები COEST-ში.

ქართულმა მხარემ წარმოადგინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები ცალკეული მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ქართულ კანონმდებლობასა და ინსტიტუტებში, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, განხორციელებულ ცვლილებებზე, მათ შორის ადმიანის უფლებების დაცვის, ანტი-დისკრიმინაციული მიმართულებით და მიგრაციის მენეჯმენტის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, საუბარი ასევე შეეხო მთავრობის მიერ გადადგმულ  ღონისძიებებს ანტი-კორუფციული მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა პირადი მონაცემთა დაცვის რეგულაციებში და საზღვრის გადაკვეთის რეგულაციებში შეტანილ ცვლილებებზე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.

შეხვედრა დისკუსიით დასრულდა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, 4 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ შეხვედრები  გამართეს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის ევროკომისრის დიმიტრის ავრამოპულოსის კაბინეტის უფროსის მოადგილე პოლიკარპოს ადამიდისთან და კაბინეტის წევრ სოფია ასტერიადისთან.

ასევე მართლმსაჯულების, მომხმარებელთა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხების ევროკომისრის ვერ იუროვას კაბინეტის წევრ კევინ ო’კონელთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგთან დაკავშირებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები.

5 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხაძემ,  მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდივანმა  გიორგი ჯაშმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ შეხვედრა გამართეს ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელ ფრედი როზემონტთან.