დავით უსუფაშვილი: “აშშ-თან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავება არის სრულიად აუცილებელი“
საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე შეხვდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს, მსოფლიო ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ბობ ზელიკს და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტ მარკ ლაგონს.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.
„აშშ და საქართველო თანამშრომლობენ პრატიკულად ყველა საკითხში. ჩვენ ვისაუბრებთ თავდაცვის საკითხებზე, ნატოს პოლიტიკაზე საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში და გვექნება იმის მცდელობა, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა აშშ-ში, რომ დაარწმუნონ ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოები უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაში... გვექნება საუბრები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით და აქაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი... ამ დღეებში შევხვდებით კონგრესმენებს, სენატორებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელებს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ.