აქტუალური
„ფორბსი“: ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია

1forbes-aqtual-2საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. გამოცემა 2015 წლის მილიარდერების სიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს ექსპრემიერს 291-ე ადგილი უკავია და მისი ქონება 5.2 მლრდ დოლარს შეადგენს. მოკლე მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომლის რეზიდენციაც თბილისის თავზე 108,000 კვ/მ ტერიტორიაზეა გაშენებული, 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. თუმცა, 13 თვის შემდეგ თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ თავისი მისია შეასრულა.

"ფორბსი" წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობს მილიარდ დოლარად შეფასებულ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის პიკასოს "დორა მარი კატასთან ერთად", რომელიც ქართველმა მილიარდერმა "სოთბის" აუქციონზე 2006 წელს 95 მლნ დოლარად შეიძინა. "ფორბსის" რეიტინგების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი გასულ წელს მსოფლიოში მილიარდერებს შორის 270-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონება შარშანაც 5.2 მლრდ დოლარს შეადგენდა. 2013 წელს 5,3 მლრდ დოლარით იგი - 229-ე ადგილს, 2012 წელს კი 6,4 მლრდ დოლარით 153-ე ადგილს იკავებდა.  2015 წლის რეიტინგის მიხედვით, პირველ სამ ადგილს "მაიქროსოფთის" მფლობელი ბილ გეითსი, მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმ ელუ და ამერიკელი უორენ ბაფეთი იკავებენ.