ლეიბორისტები აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ქალბატონის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას მოითხოვენ
ლეიბორისტული პარტია 28 ნოემბერს მისი ოფისის სიახლოვეს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ქალბატონის დაკრძალვისა და კოლეჯის დაზიანებული შენობის აღდგენისთვის თანხების გამოყოფას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ დღეს შემთხვევის ადგილზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"28 ნოემბრის ტერორისტული აქტის შედეგად ჯავახიშვილის ქუჩა დღეს რუსეთის მიერ დაბომბილ გორს მოგვაგონებს. აქ ყველაფერი მწყობრიდან არის გამოსული, დაღუპულია ქალბატონი და დანგრეულია კოლეჯი, თუმცა ქალაქის მერი ქუჩის აღსადგენად ზომებს არ მიმართავს. მოვითხოვთ, გამოყონ თანხა დაზარალებული ქალბატონის დაკრძალვისთვის და კოლეჯის აღსადგენად,"- აღნიშნა ჯიბლაძემ. ამასთან, ლეიბორისტული პარტია იმედს გამოთქვამს, რომ მერაბიშვილის უწყება ამ ფაქტს უმოკლეს ვადაში გამოიძიებს.