აქტუალური
პოლკოვნიკი ჯოხაძე ქართველი სამხედროების ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნებს დაესწრო

joxaZe-aqtual-1საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ნატო-ს ახალ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობისთვის გადასროლისწინა წვრთნებს გერმანიაში გადიან. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ჰოჰენფელსში აშშ-ს გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) და ბად-ზალცუნგენში მდებარე გერმანიის ფედერალური თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზები მოინახულა. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი გადასროლისწინა მომზადებას  ჰოჰენფელსის მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში გადის. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სწრაფი რეაგირების ასეული (QRF) ავღანეთის სამშვიდობო მისიისთვის ბად-ზალცუნგენის სამხედრო ბაზაზე ემზადება.

საწვრთნელ ბაზებზე გერმანელი და ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ამბოხებულთა საწინააღმდეგო (COIN) ოპერაციების წარმოებას, საბრძოლო ველის მომზადებას, გაწმენდას, შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას ასწავლიან.