რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “სააკაშვილმა გააფრთხილა ნემცოვი, რომ მას ოფიციალური კიევის შეკვეთით მოკლავდნენ!“ - „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის ექსკლუზიური ინტერვიუ „ასავალ-დასავალს“

ARNO-pol-1-red-1-GEO-mtსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებს აფასებს.
— ბატონო არნო, საუბარს ბორის ნემცოვის მკვლელობით დავიწყებ, თქვენი ვერსია მაინტერესებს.
— პირველ რიგში, გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაკითხოს სააკაშვილი. იმიტომ, რომ მიშამ იცოდა, თუ ვინ, როდის და რატომ მოკლავდა ბორის ნემცოვს.
— ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა... რას ნიშნავს, იცოდა?!
— სააკაშვილმა მოულოდნელად აღიარა, რომ რამდენიმე დღის წინათ, კიევში, სასტუმრო „ფერმონტის“ რესტორანში, შეხვდა ბორის ნემცოვს, რომელმაც მოუყვა, რომ 1 მარტს, მოსკოვში, საპროტესტო მარშის ჩატარებას აპირებდა. დანამდვილებით ვიცი, რომ ნემცოვი პუტინის ხელისუფლებისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა. მეტიც, ნემცოვი საუკეთესო რეკლამა იყო პუტინისთვის იმის საჩვენებლად, როგორი დემოკრატი ხელისუფალია.

 რაც შეეხება საპროტესტო აქციას, რომლის ჩატარებასაც ის მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში აპირებდა, ამის ნაცვლად, ახლა გლოვის აქცია ჩატარდა, რა თქმა უნდა, უფრო მრავალრიცხოვანი. მისი მკვლელობის ადგილზე მილიონი ალისფერი ვარდია და ამერიკის ელჩი რუსეთში ჯონ ტეფტიც მანდ დგას, ვარდებით ხელში...  ანუ პროვოკაციამ მიზანს მიაღწია — მკვლელობა პუტინს დაბრალდა!

— აბა, ვის შეეძლო, დაეგეგმა ეს მკვლელობა?

— რესტორანში სააკაშვილთან საუბრისას ნემცოვმა ასეთი რამ თქვა — 1 მარტს, აქციის დაშლისას, არა მგონია, დიდი ხნით დამაკავონ, რადგან პუტინი ცხოვრობს „პო პონიატიამ“ (ანუ, იცავს დაუწერელ კანონებს), და მე, როგორც ყოფილ მაღალჩინოსანს, საკანში დიდი ხნით არ გამაჩერებსო. ამ დროს სააკაშვილმა შეაწყვეტინა — შენ პუტინის მიერ დაკავების კი არ უნდა გეშინოდეს, არამედ იმ წითელი ღვინისგან მოწამვლის, რომლით სავსე ბოკალი ხელში გიჭირავსო... სააკაშვილის ამ ნათქვამზე ნემცოვმა, თურმე, ფერი დაკარგა და სააკაშვილმაც ინანა, რომ ასეთი რამ წამოცდა.

იქნებ ბორის ნემცოვი  სულ სხვა მიზეზით გაფითრდა - მას გაახსენდა, რომ ვახშმობს ცნობილ მკვლელ-მომწამვლელთან, რომელმაც მისთვის  არასასურველი ბევრი ადამიანი მოწამლა, მაგალითად, ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია! არ ვიცი...

მაგრამ, ფაქტია, რომ ყველაფერი ხდება უკრაინაში, კიევის, და არა მოსკოვის რესტორანში, სადაც სააკაშვილი ნემცოვს ეუბნება, რომ არათუ პუტინის, არამედ იმ ღვინის უნდა ეშინოდეს, რომელსაც ამ წუთას კიევში სვამს მასთან, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთან ვახშმობისას! ფაქტობრივად, სააკაშვილი ნემცოვს ამით ეუბნება, რომ ზუსტად კიევს აქვს დაგეგმილი მისი მოსპობა, რომ მერე ყველაფერი პუტინს დაბრალდეს! იმასაც დააკვირდით, სად მოხდა მკვლელობა — სპეციალურად წითელი მოედნიდან ორ ნაბიჯში და ახლა ყველა მედიაში, ყველა ფოტოკადრში, ყველა ტელერეპორტაჟში ცხედრის ფონზე კრემლი ჩანს, როგორც მინიშნება, რომ ნემცოვის მკვლელი სწორედ რომ იქ ზის!

ასევე მოსკოველმა გამომძიებლებმა აუცილებლად უნდა დაკითხონ უკრაინელი მოდელი, რომელთან ერთადაც ნემცოვი მოსკოვში დაბრუნდა და იმ დღეს შიშველ ტანზე მხოლოდ სვიტერით შემოსილი დედაქალაქის ცენტრში სეირნობდა - ის ხომ დიდი ალბათობით სასტუმრო „ფერმონტის“ რესტორანში ვახშამზე, სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

და კიდევ, ნემცოვის მეგობარ ქალს - უკრაინელ მოდელ ანა დურიცკაიას სააკაშვილის ფეისბუქ-გვერდზე ფოტოსურათი უნდა უჩვენონ, სადაც ძებნაში მყოფი ქართველი სისხლის სამართლის დამნაშავე აშკარად ვიღაც კრიმინალურ ტიპებთან ერთად პოზირებს. ხომ არ შეხვედრია იგი მათ „შემთხვევით“, ხომ არ უთხოვია მისთვის რომელიმეს ბორისთან ერთად ხიდზე გაესეირნა, რის შემდეგაც „თავად შეძლებს სამოდელო სააგენტოს გახსნას“?!

— ძალიან სერიოზულ განცხადებებს აკეთებთ, მაგრამ სააკაშვილის დაკითხვა არა მგონია მოხერხდეს — ის ამჟამად ამერიკაში იმყოფება. ამაზე რა ინფორმაციას ფლობთ?

— სააკაშვილი უკვე გრძნობს, რომ  უკრაინაში სიტუაცია მის წანააღმდეგ გამწვავდა. გასულ კვირას, 25 თებერვალს, „მემარჯვენა სექტორმა“ კიევში მრავალრიცხოვანი მიტინგი ჩაატარა, რომელზეც სიტყვით „მემარჯვენა სექტორის“ კიევის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ზაგაზეი გამოვიდა. მან განაცხადა — მიუხედავად ქართველი ხალხისადმი დიდი პატივისცემისა, „ჩუჟაკებმა“, ანუ ქართველებმა, უკრაინის სამთავრობო კაბინეტები უნდა დატოვონო, რასაც მთელმა მიტინგმა ტაშით და შეძახილებით მხარი დაუჭირა!

იმ დროს, როცა ზავია და პოროშენკო მაქსიმალურად ცდილობს, ომი გააჩეროს, სააკაშვილი პირიქით, ყველაფერს აკეთებს ომის გასაგრძელებლად. ის სასწრაფოდ, უკრაინელების ფულით, გაფრინდა ამერიკაში კონგრესმენებისა და სენატორების დასარწმუნებლად, რომ უკრაინას იარაღი გაუგზავნონ; თანაც ამისთვის ლობისტებს უზარმაზარ თანხებს უხდის. მოკლედ, დღეში დაახლოებით 30-35 სენატორს ხვდება, ყირაზე დგება, რომ გაგრძელდეს ომი, რომელშიც დიდი ფული კეთდება. ხომ გვახსოვს, მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოსთვის განკუთვნილი უკრაინული, ამერიკული და ისრაელური იარაღი, თავდაცვის სამინისტროს ფულით ნაყიდი, მესამე ქვეყნებზე რომ გადაყიდეს და ამაში თავდაცვის მინისტრებიც მოაწილეობდნენ - ოქრუაშვილიც და კეზერეშვილიც... იგივეს აპირებს ახლა სააკაშვილი უკრაინაში. ამიტომ ცდილობს, ამერიკისგან იარაღი მიიღოს, რომ მერე ის მესამე ქვეყნებში გაყიდოს! მითუმეტეს, რომ იქვეა ალბანეთი, ბულგარეთი, სადაც კონტროლი ნაკლებია. ხვალ და ზეგ ეს იარაღი ისევე, როგორც ქართული იარაღი, თავს ყველაზე ცხელ წერტილებში ამოყოფს, მაგალითად სირიაში, ბოევიკებთან!

ამ ყველაფრის პარალელურად სააკაშვილი სერიოზულად ემზადება საქართველოში დასაბრუნებლად. ამისთვის მან ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნა ძირითადად ემიგრანტებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია და განაცხადა, რომ ეს არის საქართველოს დე ფაქტო საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხელმძღვანელად კი თემურ იაკობაშვილი დანიშნა, რომელიც სააკაშვილმა ამერიკაში საქართველოს დე ფაქტო ელჩად მონათლა. ეს ორგანიზაცია არჩევნებისთვის მზადებას და სააკაშვილის მხარდამჭერების მიტინგების მოწყობას აპირებს. პირველი მიტინგი 21 მარტს  ვაშინგტონში, თბილისში „ნაციონალების“ მიტინგის პარალელურად, ჩატარდება.

ამას ისიც ემატება, რომ საქართველოს საელჩო ამერიკაში, ისევე როგორც ევროკავშირის უმსხვილეს ქვეყნებში სააკაშვილი-ფანჯიკიძის კადრებით არის დაკომპლექტებული და ამიტომ ჩვენი დიპკორპუსი პირდაპირ სააკაშვილზე და ალასანიაზე მუშაობს! ალასანიას ფრაზა, რომ ივანიშვილის პასუხისგებაში მიცემას არ გამორიცხავს, არ არის შემთხვევითი...

— რას გულისხმობთ?

— სიტუაცია შეიცვალა — ახლა ივანიშვილი კი არ დასდევს სააკაშვილს დასაჭერად, პირიქით, სააკაშვილი აპირებს ივანიშვილის დაჭერას! ვიწრო წრეში, ვაშინგტონში, როდესაც სააკაშვილმა ხელისუფლებაში დაბრუნებაზე დაიწყო საუბარი და მას ჰკითხეს, თუ საამისოდ რა შანსები აქვს, მან დამსწრე საზოგადოებას თავისი გეგმა გააცნო: „ბოლო-ბოლო, რა პრეტენზიები შეიძლება წარმოადგინოს ქართველმა ხალხმა ჩემს წინააღმდეგ?! რომ ერთი ქუჩური მენტალიტეტის მქონე ბიჭი, გირგვლიანი მოვკალი, სომეხი ჰომოსექსუალი ჟვანია და ბანდიტები — ვაზაგაშვილები და რობაქიძე ჩავცხრილე?! რაც შეეხება ციხის კადრებს, მალე იუთუბზე ვიდეოს დავდებთ და ყველა გაიგებს, რომ ეს ყველაფერი ირმა ინაშვილის „ნაჩალიჩარია“! სხვა რაში დამადანაშაულებს ქართველი ხალხი?! ჩემს დროს ქალაქი ქალაქს გავდა, გზები — გზებს და ქვეყანა — ქვეყანას! თუ ეს არ იქნება საკმარისი, კიდევ სხვა სვლაც მაქვს, რომელიც აუცილებლად გაამრთლებს!“...

როდესაც ჰკითხეს, თუ რას გულისხმობდა, სააკაშვილმა უპასუხა: „მე დავაპატიმრებ ბიძინა ივანიშვილს. რომც გამასწროს, მის ქონებას კონფისკაციას და პრივატიზაციას გავუკეთებ, შუშის სასახლეში დევნილებს შევასახლებ, მის ფულს ხალხს დავურიგებ და ქართველები ხმებს კი არა, თავისუფლების მოედანზე თეთრი გიორგის მაგივრად, ჩემს მონუმენტს აღმართავენ!“. აი, რა აქვს დაგეგმილი სააკაშვილს!

სხვათაშორის, ჩემი ინფორმაციით, ის უკვე შეხვდა და ესაუბრა ტრამპსაც, რომელმაც გასულ კვირას თავისი კანდიდატურა ამერიკის პრეზიდენტობაზე წარადგინა.

ARNO-pol-1-red-1-GEO-shua

— მისი გეგმის განხორციელება რეალურად მიგაჩნიათ?

— ყველა წამყვანი ქვეყნის საელჩო დღეს ალასანია-ნაცმოძრაობის საარჩევნო შტაბებად არის გადაქცეული. ელჩები ისევ ფანჯიკიძეს და  პირდაპირ ალასანიას უკავშირდებიან, კონსულები მის მეუღლესთან დაქალობენ...

სააკაშვილს თავისი გეგმის განხორციელება მითუფრო არ გაუჭირდება, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სააკაშვილთან ბრძოლა საინფორმაციო თვალსაზრისით ასპროცენტიანად აქვს წაგებული! რატომ უნდა ხარჯავდეს ივანიშვილი საკუთარ ფულს და ქმნიდეს ტელევიზიას, როცა მის მიერ დასმულმა ხელისუფლებამ ხალხს „საზოგადოებრი მაუწყებელი“ ვერ დაუბრუნა?! ყველა ივანიშვილის მიერ გამდიდრებული ვითომ პიარ-სპეციალისტი დღეს მის წანააღმდეგ მუშაობს -  შოუებს დგამს, პრესაში აკრიტიკებს და „ქერის უბანს“ იღებს!

სააკაშვილმა კი დიდი ფული ჩადო პიარში  - მიშას მასწავლებელი და მის მიერვე მოკლული ჟვანია ხომ დღედაღამ „პაბლიკ რელეიშენზ“ ქადაგებდა და მიაღწია კიდეც იმას, რომ ქართველებისთვის ამერიკა და სააკაშვილი სინონიმებია! ამ დროს, ამერიკა არ არის არც სააკაშვილი, არც მაკ-კეინი, არც ტერნერი და არც დონალდ ტრამპი!

და კიდე: ახალ ხელისუფლებას შეეძლო, ერთი გადაწყვეტილებით უდიდესი პიარი გაეკეთებინა და ამით, როგორც მინიმუმ, ბეჭდური მედია თავის მხარეზე გადაეყვანა. მე ჯერ კიდევ როდის მივმართე ბიძინა ივანიშვილს, რომ 2007 წლის 10 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის წართმეული გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა ჟურნალისტებისთვის დაებრუნებინა და ქართული პრესის სახლად ექცია! მაგრამ, რა გააკეთეს?! ახლა იქ ევროპის განვითარების ბანკი და საქართველოს ბანკი სასტუმრო „ინტერკონტინენტალს“ ხსნის! მაშინ, 2007 წელს, სააკაშვილს ეგონა, რომ თუ ქუჩაში გამოგვყრიდა და შენობის გარეშე დაგვტოვებდა, „ასავალ-დასავალი“ არსებობას შეწყვეტდა. მაგრამ, ეს არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, ახლა ცდილობს, ეს განზრახვა სისრულეში მოიყვანოს მამუკა ხაზარაძის ხელით! როგორც ვიცი, 11 მარტს სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს. ეჭვი არ მეპარება, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.

მე ვესაუბრე ამერიკაში ჩემს მეგობრებს, მათ შორის იურისტს, რომელიც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის იურისტია. ის გაოგნებულია — სასამართლომ ეს საქმე წარმოებაში საერთოდ როგორ მიიღო?! მკითხა, ხაზარაძე ხომ ბანკირია და პოლიტიკაში რატომ ერევაო? მითუმეტეს ვერ წარმოიდგინა, როგორ ამტკიცებს ბანკირი გაზეთის მიერ მატერიალურ ზარალის მიყენებას. პირდაპირ მითხრა — „სასამართლომ გაზეთს თუნდაც ერთი ლარის გადახდა რომ დააკისროს, ეს ჩვენთვის იმის ნიშანი იქნება, რომ თქვენთან არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი მედია და თავისუფალი სასამართლო! ამის მერე ყველა, ვისაც კი რამე არ მოეწონება, სასამართლოში წავა და თავისუფალი მედია, უბრალოდ, შეწყვეტს არსებობას!“.

— მარგველაშვილიც ალასანია-„ნაცმოძრაობის“ ალიანსთან არისო, ამბობთ. რა ინფორმაცია გაქვთ, მოქმედი პრეზიდენტი ახლახან უკრაინაში ვიზიტისას ყოფილ პრეზიდენტს შეხვდა?

— არამარტო შეხვდა და ელაპარაკა, სააკაშვილი მარგველაშვილს ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორობასაც შეჰპირდა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდება - ეს თუნდაც იმის გამო დაიმსახურე, რომ სასახლე შემინარჩუნეო! - უთქვამს სააკაშვილს. სხვათაშორის, მარგველაშვილმა სააკაშვილს პრეზიდენტის სასახლიდან ორდენები წაუღო. ერთ-ერთით სააკაშვილმა ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დააჯილდოვა. ანუ, ის ახლაც აგრძელებს საქართველოს უმაღლესი ორდენებით დაჯილდოებას, როგორც მოქმედი პრეზიდენტი!

სააკაშვილი და მისი გუნდი ყოველდღე ნათლავდნენ ივანიშვილსა და მის დანიშნულებს „კრემლის აგენტებად“ და „რუსეთის მონებად“ — იქამდე, სანამ ეს უკანასკნელნი საბოლოოდ არ დაკომპლექსდნენ და არ დაიწყეს თავის მართლება და მტკიცება, რომ არიან არა „პრორუსულები“, არამედ „პროამერიკულები“, უფრო მეტადაც კი, ვიდრე თავად „ნაციონალები“. ახალმა ხელისუფლებამ არამარტო არ შეასრულა ქართველი ხალხის მთავარი მოთხოვნა — რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, რასაც შედეგად აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნება მოჰყვებოდა, არამედ უფრთხის ყველა სფეროში იმ სპეციალისტისკენ გახედვასაც კი, რომელსაც პუშკინი ორიგინალში აქვს წაკითხული! აქ მათ სააკაშვილსაც კი გაასწრეს, რომელიც პუტინს პუშკინისგან არჩევს, და აბსოლუტურად არაადეკვატური ლოზუნგი გამოაცხადეს: „ჩვენ პიარი არ გვჭირდება — საქმე სიტყვების ნაცვლად!“ (გახსოვთ სახელგანთქმული „სსრკ-ში სექსი არ არის!“?).

და კიდევ — ევროპა, თუ ამერიკის შეერთებული შტატების  პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, ყველა გვეუბნება, რომ შევურიგდეთ რუსეთს. ადრე თუ გვიან, ჩვენ მაინც მოგვიწევს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს დროულად. ხომ ნახეთ, ამერიკამ რა გააკეთა — აფხაზებისთვის ვიზის გაცემის ნებართვა გასცა. ახლა აფხაზისთვის ამერიკაში წასვლა უფრო ადვილია, ვიდრე ქართველისთვის - მოსკოვში! ამერიკის ეს გადაწყვეტილება იყო ნათელი მინიშნება — აღიარეთ რეალობა, როგორიც არის, გახდით მიმზიდველი აფხაზებისთვის და ოსებისთვის და მერე შესთავაზეთ, რომ თქვენთან დაბრუნდნენო.

რუსეთთან ურთიერთობის მოუგვარებლობა მალე სხვა პრობლემებსაც შექმნის. უფრო სწორად, ეს პრობლემები უკვე სახეზეა. ბაქომ ჩვენს წინააღმდეგ ორი ბერკეტი უკვე აამოქმედა - გაზი გაგვიძვირა და ქართველი მანქანით მოვაჭრეებისთვის ბაზარი გადაკეტა. ჯერ კიდევ 2013 წელს აზერბაიჯანის გაზეთ „კასპისთან“ ინტერვიუში ვთქვი — თუ ნატო-ს გულისთვის გავამწვავებთ ურთიერთობას რუსეთთან, რომელიც აზერბაიჯანის მთავარი პარტნიორია ენერგომატარებლების სფეროში, მას შეუძლია, მოსთხოვოს აზერბაიჯანს, რომ საქართველოს გაზი ევროფასად მოაწოდოს! ჩემი პროგნოზი დღეს გამართლდა. მართალია, საფასურის გაძვირება ოფიციალურად ჯერ მხოლოდ იურიდიულ პირებს შეეხოთ. რაც შეეხება მოსახლეობას, მათთვის საფასური, მართალია, ჯერ არ გაძვირებულა, მაგრამ მე მაქვს კომპეტენტური ინფორმაცია, რომ გაზს განგებ დიდი წნევით ჰაერთან ერთად უშვებენ, რაც მრიცხველს უფრო სწრაფად აბრუნებს. შედეგად კი, გადასახადი იზრდება....

— ბატონო არნო, აუცილებლად უნდა გკითხოთ, რას ფიქრობთ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე?

— ქართული ლარის გაუფასურებას აქვს ერთადერთი რეალური მიზეზი — ეს არის დასავლეთის ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ ამით დასავლეთმა საქართველო დააზარალა! რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები წელიწადში მილიარდნახევარ დოლარს შეადგენდა. დასავლეთის სანქციებმა იმოქმედა ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტზეც, რაც ჩვენი საერთო ექსპორტის 40 პროცენტს შეადგენდა. მაგრამ, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ყველაზე ცუდ დღეში იმიტომ აღმოვჩნდით, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას, ანუ დევალვაციას, იმ ქვეყნებში ინფლაცია არ მოჰყვა.

ცხადია, გავლენა იქონია არასწორმა დაგეგმვამ და ეროვნული ბანკის ნაციონალ-პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის საბოტაჟმაც, რომელიც უკვე პირდაპირ დაუმორჩილებლობას აცხადებს! მაგრამ მთავარი იცით, რა არის? ჩვენ ყოველთვის გვეგონა, რომ ლარი რაღაცაზეა მიბმული, დოლარზე, ან ევროზე. აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა. თუ ამაზე შევთანხმდით, რომ საქართველოს ვალუტა არაფერზე არ იყო მიბმული, მაშინ, ისეთუი რა შეიძლება მოხდეს სულ რაღაც ერთ დღეში აგრარულ, მსოფლიო ეკონომიკაში არაინტეგრირებულ ღარიბ ქვეყანაში, სადაც ნავთობი არ მოიპოვება, რომ ვალუტის კურსი ათზე მეტი პუნქტით ავარდეს ან დავარდეს?! პასუხი ერთია — ეს არის სპეკულაცია, და არა დევალვაცია და ინფლაცია, და ამაზე გაკეთდა დიდი ფული! გაიხსენეთ, რა მოხდა: კურსი ავარდა. ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შენობას ყიდის და იმავე საღამოს 2.37-დან კურსი 2.26-ზე დავარდა. მეორე დღეს კი, როგორც კი ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ლარის კურსი 2.0 არ უნდა აღემატებოდესო, იმავე საღამოს 2.16 დაფიქსირდა...

— ბატონო არნო, გასულ კვირას თქვენ მცხეთის რეაქტორის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით თქვენი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეთ. რა ხდება ახალი ამ საქმესთან დაკავშირებით?

— დიახ, როგორც ვთქვი, გვქონდა ინფორმაცია, რომ მცხეთის რეაქტორის გაყიდვას და იქ არსებული საცავიდან რადიაქტიურ ნივთიერებას მარტყოფში გადატანას აპირებენ. ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ არ გავჩერებულვართ და გავიგეთ შემდეგი — მცხეთის რეაქტორი უნდათ, რომ ფიზიკის ინსტიტუტს წაართვან და ერთ უწყებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადასცენ. გარდა ამისა, თურმე, მარტყოფთან ახლოს, სოფელ სააკაძეში, არსებობს საბჭოთა დროიდან დატოვებული რადიაქტიური ნივთიერებების საცავი. არავინ იცის, ამ საცავში რას ყრიდნენ წლების განმავლობაში... ახლა ეს და მცხეთის საცავები უნდათ სამინისტროს ერთპიროვნულ განკვარგვაში გადასცენ, რაც სრულ კატასრტოფას გამოიწვევს, რადგან ისინი ამას გაყიდიან და დიდ ფულს გააკეთებენ!

ამიტომ მომავალ კვირას, ჩემი ინიციატივით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი გელაშვილი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ჩხობაძე, რადიაციის დარგში ცნობილი ექსპერტი კაკუშაძე, რომელიც მრავალი წელი რადიაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც და ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი ფურცხვანიძე. ჩავალთ ადგილებზე და დავიწყებთ მუშაობას. ეს სახიფათო თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, რეაქტორი და საცავი ფიზიკის ინსტიტუტის და ამავდროულად, სახელმწოფო უნივერსიტეტის განკარგულებაში უნდა დარჩეს! იქ უნდა მიმდინარეობდეს სამეცნიერო მუშაობა და უნდა იყოს სათანადოდ დაცული სახელმწიფოს, და არა კერძო პირების მიერ!

ესაუბრა ნონა ბენდელიანი
2015 წლის 2 მარტი
www.asavali.ge

ARNO-pol-1-red-1-GEO-bol