ცაგარეიშვილი: ''შეიძლება ქვეყანაში მშიერი ბუნტი მოხდეს''
საქართველოს საგარეო ვალი კატასტროფულად იზრდება და ამჯერად 3 მილიარდ 584 მილიონი შეადგენს. ეს მონაცემი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა დაასახელა.
მისი თქმით, განსაკუთრებით სწრაფი ტემპით გაიზარდა საგარეო ვალი ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც მთავრობამ 500 მილიონი ევროს ღირებულების ევროობლიგაციები გაუშვა.
საგარეო ვალის მომსახურებისთვის 2011 წელს საქართველოს დასჭირდება 191 მილიონი დოლარი.
ცაგარეიშვილი ასევე საუბრობს საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე. მისი თქმით, 2010 წელს ოფიციალური წყაროები 76 მილიონი დოლარის ინვესტიციას ადასტურებენ.
რაც შეეხება უმუშევრობას, ცაგარეიშვილი ექსპერტების მონაცემებს ეყრდნობა და ამბობს, რომ უმუშევართა რაოდენობა 30%-ზე მეტიაო.
„მაინტერესებს როგორ გადაიტანს ამ ზამთარს ხალხი? ამ ხელისუფლებას პირდაპირ სოციალური აფეთქებისკენ მიჰყავს ხალხი. შეიძლება ქვეყანაში მშიერი ბუნტი მოხდეს,“ – ასეთია ცაგარეიშვილის პროგნოზები.