სამართალი
სასამართლომ "ენა, მამული, სარწმუნოების" შვიდ აქტივისტს 400-400-ლარიანი ჯარიმები დააკისრა

saqalaqo-sasam30 ნოემბერს დაკავებული ახალგაზრდული მოძრაობის “ენა, მამული, სარწმუნოება” შვიდი აქტივისტი გათავისუფლებულია. თბილისის საქალაქო სასამართლოში მათი პროცესი დღეს გაიმართა. დაკავებულებს ბრალად პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა და დაუმორჩილებლობა ედებოდათ. როგორც საქინფორმს საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შვიდივე აქტივისტს 400-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული მოძრაობის - “მამული, ენა, სარწმუნოება” წარმომადგენლები ლადო სადღობელაშვილი, მიხეილ კაჭკაჭიშვილი, კუკური ბარამიძე, ლევან კოჭლოშვილი, მარიამ სუხიშვილი, გიორგი ფარესაშვილი და დავით ჯიბღაშვილი გუშინ ვაკეში, სტიკერების გაკვრის დროს დააკავეს. სტიკერებზე მათი ორგანიზაციის სახელწოდება “მამული, ენა, სარწმუნოება” ეწერა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქინფორმი ერთ-ერთ აქტივისტს - ლადო სადღობელაშვილს დაუკავშირდა. „ წუხელ, 11 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე ჩვენი ორგანიზაციის სტიკერებს ვაკრავდით. დაწყებისთანავე მოგვადგა პატრული და გვთხოვა, შეგვეწყვიტა საქმიანობა. ჩვენ მოვთხოვეთ დოკუმენტი, თუ სად წერია, რომ ამის უფლება არ გვაქვს. რის შემდეგაც ისინი წავიდნენ. ცოტა ხანში სუპერმარკეტ „ბიგ ბენთან“ მოვიდა 4 საპატრულო მანქანა და კვლავ დაგვიშალეს სტიკერების გაკვრა. ჩვენ არ მივაქციეთ პატრულის მოთხოვნას ყურადღება, რადგან მათ კანონით ამის უფლება არ ჰქონდათ და ვერ წარმოგვიდგინეს შესაბამისი დოკუმენტი. ამის შემდეგ კი დაგვაპატიმრეს 173-ე მუხლით. მთელი ღამე გავატარეთ პატრულის მანქანებში, რამეთუ თბილისის კაპეზეზე არ იყო ადგილები, ხოლო კახეთში ჩვენი გადაყვანა დაეზარათ. დღეს, დილით, შედგა სასამართლო და დაგვაჯარიმეს 400-400 ლარით,“ - აღნიშნა ლადო სადღობელაშვილმა.