შსს-მ გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა
საქართველო, 24 თებერვალი,
საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა
ბაჩანა ტ. გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. ბაჩანა ტ-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოგონილი სახელით შექმნა გვერდი, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდა ორ არასრულწლოვან გოგონას, როგორც ერთ-ერთი სამოდელო სტუდიის მენეჯერი და შესთავაზა „ონლაინ კონკურსში“ მონაწილეობის მისაღებად მისთვის ფოტოსურათები გადაეგზავნათ.
გოგონებმა მას საცურაო კოსტიუმში გადაღებული პირადი ფოტოები გაუგზავნეს, რის შემდეგაც ბრალდებულმა მათ 100-100 ლარის გადაცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში - ფოტოების გასაჯაროებით დაემუქრა.
ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბაჩანა ტ-ს 50 ლარი, ხოლო მეორემ - 70 ლარი და „ქენონი“-ს ფირმის ფოტოაპარატი გადასცა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას - დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის ნაწილი, ხოლო საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - მისი პირადი კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.