პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები "ნაციონალებს" გაურიგდნენ, ამაზე მკაცრი რეაგირება იქნება“

sgovor-polit-1საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. მთავრობის გეგმები ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ინვესტიციების ხელშეწყობისა და ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, პარლამენტის მომავალი კვირის დღის წესრიგი და აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენები იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის მთავარი თემები, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

პრემიერი ფიქრობს, რომ უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენები „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

„ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდნენ, თუმცა იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სიტუაცია კონტროლდება. ის, რომ ორმა თუ სამმა დეპუტატმა მოღალატეობრივად დატოვა ჩვენი გუნდი და გაურიგდა "ნაციონალურ მოძრაობას", ეს მათი არჩევანია. ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს.