ირაკლი მელაშვილმა "ეროვნული ფორუმი" დატოვა
წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქციების წარუმატებლობის შემდეგ ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა და პარტიების დატოვების პროცესი დაიწყო. ირაკლი მელაშვილმა "ეროვნული ფორუმი" დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება, უკავშირდება სახალხო კრებასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას.
,,ეროვნული ფორმის’’ პრესამსახურის უფროსმა მაგდა პოპიაშვილმა, რომელიც ირაკლი მელაშვილის მეუღლე გახლავთ, საქინფორმთან საუბარში დაადასტურა ეს ინფორმაცია. ამიერიდან ,,ფორუმის’’ პრესამსახურის ხელმძღვანელი აღარც მაგდა პოპიაშვილი იქნება, მიზეზად ის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და ამბობს, რომ მას შვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიჰყავს. ბოლო დროს მელაშვილი სახალხო კრების საკითხებთან დაკავშირებულ თათბირებზე, "ფორუმის" სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, არ ჩნდებოდა.