სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

1-antikorup-samart-2საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გიორგი ბეჟანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე, შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“-ს ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ასათიანი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ხოლო მოქალაქე ვალერი ნადარაია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების ფაქტზე დააკავეს.

ვალერი ნადარაია, გიორგი ბეჟანიშვილთან წინასწარი შეთანხმებით, 2500 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეს ყალბი ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე ინვალიდობის პენსიის დანიშვნაში დახმარებას დაჰპირდა. თავის მხრივ, გიორგი ბეჟანიშვილმა აღნიშნული ცნობის გაცემაში დახმარება სთხოვა ნინო ასათიანს. ასათიანმა შეადგინა და გასცა ჯანმრთელობის მდგომარეობის ყალბი ცნობა.

სამართალდამცველებმა ქრთამის სახით გადაცემული თანხის ნაწილი - 1500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.