პოლიტიკა
„ეს ჩვენი საშინაო საქმეა. ის თავისუფალი ადამიანია, მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში...“ უკრაინის ელჩმა საქართველოში ვასილ ციბენკომ კომენტარი გაუკეთა უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად სააკაშვილის დანიშვნას

1-cib-polit-3-anal-3საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ვასილ ციბენკომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა ხდება უკრაინაში, საჭიროა ამოვიდეთ იქიდან, რომ უკრაინა წარმოადგენს სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს და შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს. ბოლოსდაბოლოს, ეს ჩვენი საშინაო საქმეა“.
მისი თქმით, თავის მრჩევლად სააკაშვილის დანიშვნისას პეტრო პოროშენკო უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

„მან მხედველობაში მიიღო საქართველოს ექსპრეზიდენტის დიდი გამოცდილება რეფორმირების, არმიის მოდერნიზაციის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და სხვა სფეროებში. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ასევე, არ წარმოადგენს დაბრკოლებას მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის“, - აღნიშნა ელჩმა.

ციბენკომ ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით, ამიტომ მასზე უდანაშაულობის პრეზუმფცია ვრცელდება. „ის თავისუფალი ადამიანია, მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, ესწრება სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის ღონისძიებებს, ხვდება ლიდერებს. რაც შეეხება ქართული მხარის შეშფოთებას, უკრაინის მხარე, ბუნებრივია, ყურადღებით სწავლობს ამ საკითხს. ამავდროულად, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობასთან კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის არის განწყობილი“, - დასძინა ელჩმა.