შს სამინისტრო: „თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ანგარიშიდან 2 227 887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს“
საქართველო, 18 თებერვალი,
საქინფორმი. შს სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „2015 წლის 4 თებერვალს შს სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში შემოვიდა მასალები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 2013-2014 წლებში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტთან დაკავშირებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერიდან 2015 წლის 1 იანვრამდე თამარ ფხოველიშვილი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ მუშაობდა ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ჰქონდა ორგანიზაციის ყველა ანგარიშზე სრული წვდომა. ფხოველიშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მითვისება. მან დანაშაულებრივი განზრახვა გაანდო მეუღლეს - ზურაბ ნუცუბიძეს. თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ 2013 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ანგარიშიდან მათ კონტროლირებად ანგარიშებზე, თითქოსდა წყალმომარაგების კომპანიისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, საერთო ჯამში - 2 227 887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს.
2015 წლის 13 თებერვალს ზურაბ ნუცუბიძე დააკავეს. გამოძიების მიერ მიღებულია ყველა შესაძლო ზომა თამარ ფხოველიშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად“.