საზოგადოება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის - ზაზა გოროზიას სურვილი იყო ზუგდიდის №10 საჯარო სკოლის დირექტორი, ზუგდიდში ყველაზე ავტორიტეტული პედაგოგი ზურაბ კუპრეიშვილი № 4 საჯარო სკოლის დირექტორი გამხდარიყო, იმ სკოლისა, რომელსაც საყოველთაოდ გაუთქვა სახელი ინგლისიდან მოწვეულმა თომას ფლეთჩერმა. მაგრამ ე.წ. დაწინაურება ( № 10 სკოლაში ზ. კუპრეიშვილს 400 ლარი აქვს ხელფასი, № 4-ში - 1200 ლარი ექნებოდა) არ განხორციელდა.
№ 10 საჯარო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა, მათმა ახლობლებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს და ითხოვდნენ მათი საყვარელი დირექტორის სკოლაში დატოვებას. სხვა სკოლაში გადასვლის სურვილი არც თვით კუპრეიშვილს ჰქონდა, ამიტომაც ის ჯერჯერობით ისევ თავის სკოლაში აგრძელებს საქმიანობას. ზურაბ კუპრეიშვილის ადგილზე კი მე-4 საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონ ხათუნა დარასელიას გადაყვანა იყო დაგეგმილი, რომელმაც ბოლომდე კბილებით დაიცვა თომას ფლეთჩერი.