პუბლიკაციები
ივანიშვილი: „რუსთავი 2 "ნაციონალური მოძრაობის" აგიტმანქანაა. ადრე ქმნიდნენ ვირტუალურ რეალობას, რომ ყველაფერი კარგად არის, დღეს კი ამტკიცებენ, თითქოს ქვეყანა იქცევა.“

1-BIZ-1საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საზოგადოებრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ - ჟურნალისტ გიორგი კვიტაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში, რომელის სათაურად  ივანიშვილის ფრაზაა - “გავბედე და კიდევ გავბედავ!“ - გამოტანილი, ბატონი ბიძინა საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე შეკითხვებს ეხება და, კერძოდ, ამბობს:

„გვინდა შევცვალოთ დღის წესრიგი, რომელსაც დღეს "რუსთავი 2" ადგენს. სიცრუეს სიმართლით დავაბალანსებთ და თუნდაც ერთი ტელეპროექტით არ მივცემთ საშუალებას, რომ საზოგადოება სიცრუესა და ვირტუალურ რეალობაში აცხოვრონ. 
ექსპერტებთან კი პრეტენზია მაქვს და მექნება, რადგან ექსპერტობაზე დებენ თავს და ცრუანალიზს აკეთებენ. მათ ამაზე რომ მივუთითებ, რატომღაც ძალადობად თვლიან. ასე, "რუსთავი 2"-მაც შეიძლება ჩათვალოს ის ძალადობად, რომ მათ ცრუანალიზს ობიექტური ანალიზით ვუპასუხებთ... რაღაც ორგანიზაცია დაფუძნებულა,"დემოკრატიის ჟანგბადი", რომელსაც რატომღაც მე მომაწერენ... ამ ექსპერტებს არ რცხვენიათ მაინც, რომ ამბობენ, თითქოს ივანიშვილმა თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად რაღაც ორგანიზაცია შექმნა?!