„ქალთა პარტია“ აფეთქებებში ხელისუფლების მონაწილეობას არ გამორიცხავს
„საქართველოს ქალთა პარტია“ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ლეიბორისტული პარტიის ოფისის წინ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შეშფოთებას და პროტესტს გამოთქვამს.
ამასთან, პარტია ტელეკომპანიებს აფეთქებასთან დაკავშირებული ინფორმაციის არასწორად გაშუქებაში ადანაშაულებს.
„აფეთქებას შეეწირა ოჯახის დედის სიცოცხლე. პროტესტს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ სახელისუფლო არხებმა მაშინვე არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდეს. მათ არ ახსენეს, რომ ეს ტერორისტული აქტი ლეიბორისტული პარტიის ოფისის წინ მოხდა, რითაც უკვე შექმნეს ეჭვი, ხომ არ შედიოდა ეს ტერაქტი ხელისუფლების ინტერესებში. შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ სამთავრობო წრეებმა ეს ტერორისტული აქტი ქვეყნის გარეთ არსებულ და საქართველოსადმი მტრულად განწყობილ ძალებს უკვე დაუკავშირეს. თუ ასეა, ეს დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი სასიქადულო სამართალდამცველი ორგანოები მხოლოდ საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლაში ყოფილან მაგრები და მათ ცხვირწინ დაუბრკოლებლად ხდება ტერორისტული აქტები“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. შედეგად ნინო გორდეზიანი გარდაიცვალა, დაშავდა ლეიბორისტული პარტიის დაცვის თანამშრომელი, დაზიანდა პარტიის ოფისი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. მოგვიანებით აფეთქება მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩაზეც მოხდა.