საზოგადოება
რას ფიქრობს ხალხი საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის შესაძლო გაძვირებაზე?

gamokitxvaX6 დეკემბრიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება. დედაქალაქის საკრებულომ ეს გადაწყვეტილება 30 ხმით ცხრის წინააღმდეგ მიიღო. მგზავრობის საფასურის გაზრდას ხმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მისცეს.
თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის - აკაკი ჯოხაძის განმარტებით, იმ 600 ათასი მოქალაქისთვის, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეღავათით სარგებლობდნენ, მგზავრობის საფასური უცვლელი დარჩება.

დანარჩენ მოსახლეობას, ვისაც სპეციალური სამგზავრო ბარათები არ აქვს, მგზავრობის საფასური 10 თეთრით გაეზრდება. ხოლო მათ, ვინც მუნიციპალური ტრანსპორტით რეგულარულად მგზავრობს და შესაბამის პლასტიკურ ბარათსაც ფლობს, პირველადი მგზავრობა 50 თეთრი დაუჯდება, მეორე და მესამე მგზავრობა კი 30 და 20 თეთრი.
საქინფორმმა გადაწყვითა გაერკვია, თუ რას ფიქრობენ მოქალაქეები მერიის ახალ ინიციატივას.
ლანა მაისურაძე პედაგოგი: „ევროპაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩვენთან, თუმცა იქ მაღალი დონის ავტობუსები და ტროლეიბუსებია. დაცულია გრაფიკი, სისიფთავე და მგზავრობაც კომფორტულია. ჩვენთან კი ტრანსპორტი გაუმართავია და მოუწესრიგებელი..“
შალვა ველიჯანაშვილი, პენსიონერი: „ფასების გაორმაგება რთული გადასატანი იქნება მოქალაქეებისთვის, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას 40 თეთრის გადახდის საშუალებაც არ აქვს. ტრანსპორტის შემცირებამ ისედაც გამოიწვია ფასების გაორმაგება, რადგან ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას ორი ტრანსპორტი სჭირდება“.
ლია ჯანიაშვილი, დიასახლისი: „ ეს ძალიან ცუდია, მერია ამით ხელს უწყობს არეულობის შექმნას ქალაქში''.
ნოდარ სართანია, ინჟინერი: „ოპოზიციური პარტიებიდან ვინმე რომ გამართავდეს აქციას, სადაც, მიშას წასვლას კი არა, ტარიფების გაძვირებას გააპროტესტებენ, სიამოვნებით შევუერთდები. ამათ მიტინგი და აქცია მარტო სკამისთვის უნდათ. ხალხზე კი არავინ ზრუნავს“.
მზია კაპანაძე, პენსიონერი: „ეს არის ხალხის ძარცვა და თან ცინიკური. ეს ხელისუფლება კრიმინალებს ებრძვის, თვითონ კი ფასების მანიპულაციებით ძარცვავს ხალხს“.
გიორგი ახალაძე, უმუშევარი: „ 10 თეთრით კი არა, 10 ლარითაც უნდა გააძვირონ. საერთოდ ამ ხალხს ხელისუფლებამ ბოლომდე უნდა დააჭიროს წიხლი, იქნებ იოტისოდენა ღირსების გრძნობამ მაინც გაიღვიძოს მათში“.
ნონა ჩაგუნავა, მედდა: „ჩვენ ყველაფრის ღირსი ვართ, რადგან ყველაფერს ვითმენთ. არ გამიკვირდება, მგზავრობა თუ 80 თეთრი გახდება. ეს ხელისუფლება დაგვცინის, აბუჩად გვიგდებს და ჩვენი პატრონი არავინაა“.