სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული მეზღვაურების დასახმარებლად ფონდი შეიქმნა
''სოლიდარობა - ქართველ მეზღვაურებს!'' – ამ დევიზით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული მეზღვაურების დასახმარებლად სპეციალურ ფონდს ქმნის. ნებისმიერ მსურველს თანხის გადარიცხვა შეუძლია „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე ან დარეკვა ნომერზე 700 694.
ზარის ღირებულება ერთი ლარია. პროფკავშირების გაერთიანებამ მხარდაჭერისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მეზღვაურთა პროფკავშირებსა და ბიზნესორგანიზაციებსაც მიმართა. ფონდის შექმნის ინიციატორები, გამოსასყიდის შეგროვების მიზნით, ტელემარათონის გამართვასაც გეგმავენ. სომალელი მეკობრეების მიერ ორი თვის წინათ გატაცებულ მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემზე 42 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 13 საქართველოს მოქალაქეა. ცნობილია, რომ სომალელი მეკობრეები გამოსასყიდის სახით მილიონ დოლარს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტყვეთა დახვრეტით იმუქრებიან.