დავით ნარმანია: „თბილისის მერია მიმდინარე გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს“
საქართველო, 13 თებერვალი,
საქინფორმი. დედაქალაქის მერი
დავით ნარმანიას განცხადებით, რომელიც მან მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი
ჯოკია ბოდოკიას დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა, „
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, ამიტომაც თბილისის მერია მიმდინარე გამოძიებას ყველანაირად შეუწყობს ხელს“. ამასთან, ნარმანია მიმართავს თბილისის მერიის ყველა თანამშრომელს, კეთილსინდისიერად შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. „
თბილისის მთავრობა არ დაუშვებს და რეაგირების გარეშე არ დატოვებს კორუფციის ან სხვა რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ამავდროულად, გავრცელდა თბილისის მერიის განცხადება, სადაც, კერძოდ, აღნიშნულია:
„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას ადვოკატი დავით ნარმანიას ძმა ირაკლი ნარმანიაა.
აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.