პუბლიკაციები
სენატორი ჯონ მაკკეინი: „უკრაინაში კასეტური ბომბების გამოყენება ნაწილობრივ აშშ-ის ბრალია“

john-sazog-2საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა აღიარა, რომ უკრაინელმა ძალოვნებმა ქვეყნის აღმოსავლეთში გამოიყენეს უმართავი კასეტური საბრძოლო მასალები, რომლებიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. მათი გამოყენება პოლიტიკოსმა ახსნა იმით, რომ აშშ-მა დროულად არ მიაწოდა კიევს აუცილებელი შეიარაღება. მაკკეინმა ასევე გამოთქვა აზრი, რომ, უკრაინაში უნდა გააგზავნონ სამხედრო ექსპერტები, თუ გადაწყდება, რომ კიევს შეიარაღება მიაწოდონ.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, Human Rights watch-მა, არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინელი სამხედროები კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენებისათვის ძალოვანი ოპერაციის მიმდინარეობისას ქვეყნის აღმოსავლეთში. ეუთოს სპეციალურმა სამონიტორინგო მისიამ უკრაინაში დააფიქსირა, რომ ლუგანსკის საცხოვრებელი კვარტლების დაცხრილვა 27 იანვარს ასევე კასეტური ჭურვებით განხორციელდა. და აი ახლა ამ საბრძოლო მასალების გამოყენება მოსკოვის ცნობილმა კრიტიკოსმა, ჯონ მაკკეინმაც აღიარა. მეტიც, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ სახეობის იარაღის გამოყენებაში უკრაინის ხელისუფლების მიერ ბრალი ნაწილობრივ აშშ-საც მიუძღვის, რომელმაც დროულად არ მიაწოდა კიევს აუცილებელი შეიარაღება.

ვფიქრობ, მათთვის აუცილებელი იარაღი რომ მიგვეწოდებინა, ისინი არ ჩათვლიდნენ, რომ კასეტური ბომბების გამოყენება საჭირო იყო. ასე რომ, ეს ნაწილობრივ, ჩვენი ბრალიცაა“, - ციტირებს „რია ნოვოსტი“ მაკკეინის განცხადებას, რომელიც მან პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სენატორმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას შეიარაღების მიწოდების შესახებ, მაკკეინი სენატში შეიტანს კანონპროექტს,რომელიც ბარაქ ობამასადმი შესაბამის მოთხოვნას შეიცავს.

ობამას წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ადმინისტრაცია ამ საკითხზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.

მაკკეინი, რომელიც სათავეში უდგას სენატის კომიტეტს შეიარაღების საქმეებში, იჟინებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები Javelin სჭირდება.

ამერიკელები იქ არ იომებენ, თუმცა, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, თავი დაიცვას“, - აღნიშნა მაკკეინმა.

სენატორს სოლიდარობას უცხადებს ეშტონ კარტერი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ წამოაყენა.

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინელებს, რომლებიც თავის ქვეყანას იცავენ. ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, კონკრეტულად შეიარაღების რომელ სახეობებზეა ლაპარაკი, რადგან ამ თემაზე უკრაინის ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია. თუმცა, მომხრე ვარ, უკრაინას მივაწოდოთ შეიარაღება ლეტალური იარაღის ჩათვლით“, - განაცხადა კარტერმა.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება ვაშინგტონში. ამასთან, CNN-თან ინტერვიუში ბარაქ ობამას მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ბენ როდსმა განაცხადა: „არ მიგვაჩნია, რომ უკრაინის კრიზისის გასაღები მისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდებაა“. თეთრი სახლის წარმომადგენლის აზრით, „საუკეთესო გზა რუსეთთან მიმართებაში სანქციების გაფართოებაა“.

ცნობები ვაშინგტონის განზრახვის თაობაზე, კიევს თანამედროვე ლეტალური იარაღი მიაწოდოს, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მოსკოვში. თუ თეთრი სახლი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს დონბასში ძალადობის მორიგ ესკალაციას გამოიწვევს, - აღნიშნა რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.