ეკონომიკის მინისტრი არითმეტიკაში მოიკოჭლებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას განცხადებით, ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საქართველომ არაერთი რეფორმა გაატარა. მაგრამ იგი მიღწეულით არ კმაყოფილდება და ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოს დაახლოებით 2 მილიონი ტურისტი ეწვია. 2011 წლისთვის კი, მათი რაოდენობის 3 მილიონამდე გაზრდა არის მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ ტურისტები, ძირითადად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობენ. ლარსის სასაზღვრო პუნქტი მათთვის დაკეტილია. ტურისტული ნაკადი შემოდის, ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტებიდან.
როგორც საქინფორმს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, დღე-ღამეში დაახლოებით 25-მდე რეისი ხორციელდება. აქედან დაახლოებით ნახევარი ჩამომფრენი თვითმფრინავებია. თითოეულ თვითმფრინავში სულ 100–120 მგზავრი ეტევა. თუ ჩავთვლით, რომ ყველა მათგანი უცხოელი ტურისტია და გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ტურისტული სეზონი დაახლოებით ოთხი თვე გრძელდება, გამოდის, რომ სეზონზე დაახლოებით 180 000 ადამიანი ჩამოვიდა. ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, ტურისტი არ იქნებოდა.
რაც შეეხება აჭარას. აჭარის პირველი პირის - ლევან ვარშალომიძის თქმით, წელს 900 000 ტურისტი ჩამოვიდა; საქართველოს პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით კი 800 000 ტურისტი ეწვია საზღვაო კურორტს.
თუ დავუმატებთ ამ ციფრს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსულ 100 000 ტურისტს (ოფიციალური მონაცემებით), დაახლოებით 950 000 ტურისტი გამოდის. საიდან მოიტანა ქალბატონმა ვერა ქობალიამ 2 მილიონი?