აქტუალური
"ქართული სადაზღვევო კომპანიები უცხოელი ინვესტორების მფლობელობაში გადავლენ"

dazgveva_-logoქართული სადაზღვევო კომპანიები მომდევნო 5 წელიწადში უცხოელი ინვესტორების მფლობელობაში იქნებიან. როგორც სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა საქინფრომთან საუბრისას განაცხადა, „ომი რომ არ ყოფილიყო, სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეები მსოფლიოს უმსხვილესი კონგლომერატის ნაწილი იქნებოდნენ. მომავალი აჩვენებს, რომ, როდესაც საქართველო გახდება ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი, ისინი სადაზღვევო მიმართულებითაც გააქტიურდებიან. მათი შემოსვლა ბაზარზე კონკურენციას გაზრდის და ხარისხიც გაუმჯობესდება“. მისი თქმით, ცალკეულ მოთამაშეებში დღესაც არის უცხოური კაპიტალი: „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ 100%-ით ისრაელური კაპიტალია, „ირაოს“ 90%-ის მფლობელი ვენის სადაზღვევო ჯგუფია. ხეჩინაშვილს მიაჩნია, რომ დღეისთვის ქართულ ბაზარზე 5 მთავარი მოთამაშეა: „ალდაგი“, „იმედი ელი“, „ჯი პი აი“, „ირაო“ და „აი სი ჯგუფი“. „ალფას“ კი სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის გამო თავისი ადგილი აქვს. 2010 წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო კომპანიებმა 91 მილიონ 842 ათას 423 ლარის პრემია მოიზიდეს.