საზოგადოება
დაკავება გუბერნატორის კრიტიკისთვის

arrestedგურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, 100-მდე ადამიანი ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ ელექტროენერგიის მიწოდების უკანონოდ შეწყვეტას აპროტესტებდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა.

უყურადღებობის გამო კი თელავი-თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. გზის გადაკეტვის შემდეგ აქციის მონაწილეებთან კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა. ვაზისუბნის მცხოვრებლებმა ის მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფაში დაადანაშაულეს. თვითმხილველების ცნობით, გუბერნატორის საქმიანობა განსაკუთრებით რამდენიმე მამაკაცმა გააკრიტიკა, რის შემდეგაც გიორგი ღვინიაშვილმა იქ მყოფ პოლიციის თანამშრომლებს მათი დაკავება მოსთხოვა. სამართალდამცავებმა მამაკაცები პოლიციის მანქანებში ფიზიკური ძალის გამოყენებით შეყარეს. დაკავებულია 4 ადამიანი.