აქტუალური
სასამართლომ „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

kortebi-aqtual-1საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და  ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე დაკავებულ 11 პირს და  ერთ პირს, რომელიც მიმალვაში იმყოფება, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი:

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა;

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.