საზოგადოება
ნატოს მუდმივი ჯგუფი საქართველოში თებერვლის ბოლოს ჩამოდის და ნატოს ცენტრის გასახსნელად მუშაობას დაიწყებს

mindia-sazog-2საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ორმხრივ შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნა, რომ ალიანსისთვის მიუღებელია რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება. თავის მხრივ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.

„ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე, რაც ძირითადად უკავშირდება არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე დროში მოხდეს პაკეტის ცალკეული ინიციატივების იმპლემენტაციის დაწყება. ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან, ხელმძღვანელობის მხრიდან, არის სერიოზული მხარდაჭერა და მზაობა, რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესს.

ნატოს მუდმივი ჯგუფის დაკომპლექტება და მისი გამოგზავნა საქართველოში არის არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ინიციატივა. ივარაუდება, რომ წლის პირველ ნახევარში მოხდება ამ ჯგუფის გამოგზავნა საქართველოში. წვრთნისა და შეფასების ცენტრი აამაღლებს ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან და მოამზადებს ჩვენს ჯარისკაცებს სამშვიდობო ოპერაციებისთვის. ადგილი განისაზღვრება საბოლოოდ მას შემდეგ, რაც შემფასებელი ჯგუფი ჩამოვა საქართველოში. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გვექნება ზუსტი ინფორმაცია ცენტრის ადგილსამყოფელის შესახებ“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.