საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე წარუდგინა.
ნოდარ ხადურის ინფორმაციით, იანვრის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იყო 539,8 მილიონი ლარი, მიღებულია გადასახადები 570,5 მილიონი ლარის ოდენობით, რაც წლიური გეგმის 7,1%-ია.
მინისტრის განმარტებით, შემოსული თანხა საპროგნოზო მაჩვენებელს - 31 მილიონი ლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44 მილიონი ლარით აღემატება.
2015 წლის იანვარში ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 725 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 115 მილიონი ლარით მეტია, პირველი კვარტლის გეგმის 33 და წლიური გეგმის 7,3%-ია.
გაწეული ხარჯების მოცულობა 656 მილიონი ლარია, რაც წლიური გეგმის 7%-ს შეადგენს.
პრემიერი ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული ვითარებითაც დაინტერესდა. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვაჭრობის შედეგები სამი დღის განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელი რჩება, რაც იმედს აჩენს, რომ ლარის კურსი მეტად არ შეიცვლება.